შრომის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მას არა ერთი საერთაშორისო დოკუმენტი იცავს. გარდა საერთაშორისო დოკუმენტებისა, ამგვარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად შრომის კოდექსიც არსებობს. რამდენად იძლევა დღევანდელი შრომის კოდექსი ქვეყანაში არსებული მძიმე შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების გარანტიას და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, - თემაზე “საქმიან დილასთან“ “საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობს.
- უფრო ხშირად რა ტიპის საჩივრებით მოგმართავენ დასაქმებული ადამიანები, ყველაზე მეტად მათი შრომითი უფლებები საქათველოში რა თვალსაზრისით ირღვევა?
- სულ ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც 20 000 ადამიანი საქართველოში მონურ პირობებში იმყოფა. ბუნებრივია, ეს კვლევა გარკვეულწილად მთავრობის დადებით ქმედებებს ასახავს და კვლევის ავტორებს მეც ვეთანხმები, რომ მთავრობის რეაგირება მონურ საკითხებთან დაკავშირებით ადეკვატურია, მაგრამ ყველამ იცის მონობა რას ნიშნავს. ის, რომ შრომის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ამაზე პროფკავშირი და პირადად მე დიდი ხანია ვსაუბრობ. ამას აღნიშნავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი და ფაქტია, რომ არც DCFTA-ით და ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული შეღავათებით საქართველოს მოქალაქე ვერ ისარგებლებს, სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ კანონმდებლურ სივრცეში. კანონმდებლობა იმდენად ბუნდოვანია და ზოგიერთი მუხლი იმდენად პრობლემურია, რომ სამართალს ვერ პოულობენ. სწორედ ამიტომაც საფრთხის შემცველია ხოლმე და თქვენს შემთხვევაშიც მათ შორის, როდესაც დამსაქმებელს უფლება აქვს თავისი გრძნობები გამოიყენოს და უთხრას დასაქმებულს, რომ თუ თქვენ ახლა შვებულებას მომთხოვთ ან სამუშაო დროის დარეგულირება გჭირდებათ შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ.
- ეს ობიექტური მიზეზი ძალიან აბსტრაქტული არ არის?
- სასამართლომ უნდა იმსჯელოს ეს ობიექტური რამდენად იყო და იმ სასამართლოზე მე, როგორც დამსაქმებელი რას ვიტყვი და რა არგუმენტებს მოვიტან იმის გამო, რომ რაღაცაზე არ დამეთანხმეთ, ან იმის გამო, რომ თვალის ფერი გაქვთ განსხვავებული ან კიდევ მოგიგონებთ რაღაცას, რომ შინაგანაწესი არ შეასრულეთ, რომელიც თქვენთან შეთანხმებული უნდა იყოს, იმ შინაგანაწესში რასაც მინდა იმას ჩავწერ. აქედან გამომდინარე კარგია, როდესაც მაღალ რეიტინგებზე ვსაუბრობთ, რომ ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ როგორც ყოველთვის, მეცნიერებს რა პრობლემაც აქვთ ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ ქართველებს. ლამაზ ჰიპოთეზებს ეს მახინჯი ფაქტები ანგრევენ და ეს რეალობა გვაქვს საქართველოში. არა ევროპული კანონმდებლობა, არამედ რაღაც შუასაუკუნოვანი ნორმები და სტანდარტები გამოგვდის. რატომ არ მიმართავენ დასაქმებულები სასამართლოებს აქ ყველაზე მთავარია ხარვეზი და სიმახინჯე ქართულ საკანონმდებლო სივრცეშია, სადაც არანაირი ზღვარი არ არის დაწესებული, არც ვადაა დაწესებული რა ვადაში უნდა დასრულდეს გაუთავებელი, გრძელი და დამღლელი სასამართლო პროცესები.
პლიუს ამას ბაჟი აქვს ხოლმე ხშირად გადასახდელი. ადამიანს, რომელმაც სამსახური დაკარგა და ამ სოციალურ ფონზე ცარიელ ადგილზე დარჩა იმას კიდევ ბაჟი აქვს გადასახდელი, ადვოკატი უნდა იქირაოს, ეს მიზეზებია რატომაც არ მიმართავენ ეს ხალხი სასამართლოებს, თუ ისინი არ არიან პროფკავშირის წევრები, რადგან პროფკავშირი ასეთ შემთხვევაში უფასო ადვოკატირებას უწევს, მათ ინტერესებს იცავს და ბოლომდე მიყვება. ქვეყანაში საქართველოს პროფკავშირის გაერთიანების წევრი დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ და მხოლოდ 27 პროცენტია. სხვა დანარჩენ ადამიანებს გარკვეულწილად “საია" ფარავს და დანარჩენებმა ამაში ფული უნდა ხარჯონ. ხშირ შემთხვევაში კი დასაქმებულებს ამის საშუალება არ აქვთ.
- რა ნაწილში საჭიროებს ჩვენი კოდექსი კორექტირებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა რომ დაიწყოს?
- იმდენი რამეა დაგროვილი, რომ ამ ხარვეზებზე მოკლედ საუბარი შეუძლებელია. მე ვიტყვი, რომ მისი იმპლემენტაციაა ყველაზე მთავარი, ანუ იქ რაც გვაქვს ისიც არ არის იმპლემენტირებული. ქვეყანას ამბიცია არ აქვს, რომ შრომის ინსპექცია ქონდეს, რომელიც გარკვეულწილად როგორც შრომით უფლებებზე, ისე შრომის უსაფრთხოებაზე იმუშავებს. სასამართლოებში კი დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი სწორედ შრომით უფლებებთან დაკავშირებით არის დავები და არა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.