კომპანია SES-ის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით კომპანიის მოცვა მსოფლიო მასშტაბით 317 მილიონ ოჯახამდე გაიზარდა. ეს რიცხვი ხუთი მილიონით აჭარბებს 2014 წლის მონაცემს, ხოლო 2011 წლიდან მოყოლებული 23%-იან საერთო ზრდაზე მიუთითებს.
SES-ის ყოველწლიური ბაზრის კვლევა, რომელიც ევროპაში Satellite Monitor-ის დეტალური კვლევის შედეგებსაც მოიცავს, ცხადყოფს, რომ ზრდა ფიქსირდება ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, სადაც SES-ს ამჟამად შესაბამისად 156, 25 და რვა მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, SES-ის Satellite Monitor-ის კვლევის შედეგების მიხედვით თანამგზავრული მაუწყებლობა სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებად რჩება და ტელევიზიის მომხმარებელთა 35%-ს პირდაპირი გზით მიეწოდება.
საქართველოშიც სატელიტი სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვან საშუალებას წარმოადგენს ტელევიზიის მქონე ოჯახზე 50%-იანი პირდაპირი წვდომით ან 620,000 DTH (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა) მომხმარებლით. SES-ი ბაზარზე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, ვინაიდან მას 440, 000 ტელევიზორზე აქვს წვდომა, რაც მოიცავს როგორც საკაბელო, ასევე IP ტელევიზიას. SES-ის DTH მაუწყებლობა სატელიტური ტექნოლოგიით აღჭურვილ 120, 000 ოჯახს მიეწოდება.
კვლევის მიხედვით, იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე გასამმაგდა. ამჟამად SES-ი HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების 78%-ს ემსახურება (127 მილიონი). სატელიტი ევროპაში HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების უდიდესი ნაწილისთვის სატელევიზიო სიგნალის მიღების ძირითადი საშუალებაა და უზრუნველყოფს მათი ჯამური რაოდენობის თითქმის 40%-სთვის მომსახურების გაწევას.
საქართველოში, თანამგზავრის წყალობით, ტელევიზიის მომხმარებელთა 47%-ს HD სერვისით სარგებლობის საშუალება აქვთ.
"SES-ისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესო ქვეყანაა, რადგან იგი სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გადავიდა ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე. უფრო მეტიც, საქართველო გამოირჩევა ტელევიზიებით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტით (ოჯახების მთლიანი ჯამის 96%), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა ოჯახი უყურებს ტელევიზორს, მიუხედავად არა ერთი გეოგრაფიულად მიუდგომელი და შორეული ტერიტორიისა. ამ ბაზრის ზრდის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე, მზად ვართ მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე კონტენტი შევთავაზოთ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ოჯახს და გავაგრძელოთ ჩვენი სატელიტების საშუალებით მაუწყებლობის HD ფორმატის შეთავაზება", - განმარტავენ კომპანიაში.