Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ვაშლის ჩიფსების საწარმო გაიხსნება, - სტუდენტების იდეამ "სტარტაპ საქართველოს" დაფინანსება მოიპოვა

57cf06a1ca674
BM.GE
06.09.16 22:05
1105
პროგრამის "სტარტაპ საქართველო" ფარგლებში, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც ვაშლის ჩიფსებს აწარმოებენ დაფინანსება მიიღეს.

აგრარული უნივერსიტეტის სამმა სტუდენმა, შალვა მძინარაშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და თამარ შეითნიშვილმა მოიპოვეს 100 000 ლარის ოდენობის დაფინანსება. როგორც შალვა მძინარაშვილმა „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა, ვაშლის ქართული ჩიფსების მასიური წარმოება ნოემბრიდან დაიწყება. ახლადშექმნილი კომპანია საწარმოს გორის რაიონის სოფელ ბიწში გახსნის, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. მძინარაშვილის განცხადებით, საწარმო მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებს და ადგილზე თავდაპირველად 10 ადამიანი დასაქმდება. საწარმო თვეში 30 000 შეკვრა ჩიფსის წარმოებას გეგმავს. თუ რა სახელით გაიყიდება პირველი ქართული ვაშლის ჩიფსები, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შალვა მძინარაშვილი ამბობს, რომ სამომავლოდ საწარმოში სხვა ბოსტნეულის ჩიფსების წარმოებაც დაიწყება. მისივე თქმით, კომპანია სამომავლოდ ჩიფსების გარდა, სხვა პროდუქტების დამატებასაც გეგმავს, მათ შორის ფელამუშის კუბების, რაც შეფუთულ, მცირე ზომის კუბებად დაჭრილ ფელამუშს გულისხმობს.

"ჩვენი ძირითადი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესია. გვსურს რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი საკვები მივაწოდოთ მომხმარებელს და თან მისი ფასი საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.

"სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში მიღებული შემოთავაზება საკმაოდ კარგია, ვალდებულებაც მცირეა და მის გამარჯვებულს ბიზნესის დაწყებიდანვე არ უწევს იმაზე ფიქრი, რომ ვალი აქვს გადასახდელი", - ამბობს შალვა მძინარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ "სტუდენტური ინოვაციების" პროგრამის ფარგლებში, TS ფონდის გამოცხადებულ კონკურსში აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიის გუნდმა ხილისა და ბოსტნეულის ჩიფსების წარმოების იდეით - 10 000 ლარიანი გრანტი წლის დასაწყისში მოიპოვა.

Subscribe to our news

Get the main news of the day