ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საქართველოში წიგნის ბაზრის კვლევა ჩატარდა, რომელიც პირველი სრულფასოვანი კვლევაა 2012 წლის შემდეგ.
კვლევა ორგანიზაცია ACT-ნ ჩაატარა და მიზნად ისახავდა 2013-15 წლებში წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრულ შესწავლას. კვლევა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს, ესენია, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და თელავი. გამოიკითხა, როგორც გამომცემლობები, დისტრიბუტორები და წიგნის მაღაზიები, ასევე ელექტრონული წიგნების მაღაზიები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, ბიბლიოთეკები და რა თქმა უნდა მკითხველი. მთლიანობაში, კვლევაში მონაწილეობა 34-მა გამომცემელმა და 700-მა მკითხველმა მიიღო.
წიგნის ბაზრის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ძირითადად საუბარია წიგნის საცალო ფასის მომატებაზე, წიგნის ყიდვის მაჩვენებლის კლებაზე და ზოგადად, კითხვის პრობლემაზე.
კვლევაში მონაწილე გამომცემლობების მიერ 2015 წელს გამოცემული დასახელებების ჯამური რაოდენობა ათას 491-ს უტოლდება და ტენდენციის სახით იკვეთება, რომ 2013 წლიდან მოყოლებული წიგნების გამოცემის მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს.
რაც შეეხება ტირაჟს, საქართველოში მინიმალური ტირაჟი თითო დასახელებისთვის 100 ეგზემპლარია. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, გამომცემლებისთვის ყველაზე შემოსავლიანი მხატვრული ლიტერატურის გამოცემა და გაყიდვაა, შესაბამისად 2015 წელს მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი სწორედ მხატვრული ლიტერატურის გაყიდვებზე მოდის. გარდა ამისა, ყველაზე მომგებიანი გამომცემლობისთვის აკადემიური/პროფესიული ლიტერატურის, საბავშვო ლიტერატურისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემა და გაყიდვა აღმოჩნდა.
რაც შეეხება წიგნის საშუალო ღირებულებას, 2015 წელს ფასმა 11 ლარი და 75 თეთრი შეადგინა. თუკი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს შევადარებთ, 2013 წლიდან წიგნის ბაზარზე გასაყიდი ფასის მატება შეინიშნება. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 ლარი და 77 თეთრი, 2014 წელს კი 11 ლარი და 9 თეთრი იყო. ნეგატიური ცვლილებების შესახებ საუბრობენ წიგნის მაღაზიის წარმომადგენლებიც, რაც წიგნების რეალიზაციის შემცირებაში გამოიხატება. გამოკითხულთა ნაწილი აღნიშნავს, რომ წიგნის რეალიზაციის შემცირება შესაძლოა განპირობებული იყოს წიგნებზე მაღალი ფასებით.
რაც შეეხება პოზიტიურ სიახლეს, 2015 წელს 47 დასახელების ქართული ლიტერატურა ითარგმნა და გამოიცა უცხო ენაზე, რაც 2011-15 წლებში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.