Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა

5a11731786acb
BM.GE
19.11.17 16:00
678
საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

"ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს. „საქართველოს რკინიგზა“ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ჩვენი გათვლით, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის - სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება არა მარტო საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა, არამედ პროცესში ჩართული არიან უცხოელ ექსპერტთა, სპეციალისტთა და მშენებელთა ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ასეთია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“, რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.

"მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და რკინიგზის უკვე ყოფილ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს გადავუხადო დიდი მადლობა გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და ასევე მინდა ვუსურვო მას წარმატება იმ პოზიციაზე, რომელსაც იგი დღეს უკვე იკავებს - ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე; დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერმა.