ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდა, თუმცა ბიზნესი შეღავათით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს გადასახადისგან მიმდინარე წლის 2 ივნისიდან გათავისუფლდა, თუმცა საწარმოო საქონლის იმპორტისას ბიზნესს დღგ-ს გადახდა ისევ უწევს, რადგან ძირითადი საშუალებების ნუსხა, რომელზეც შეღავათი გავრცელდება, მთავრობას ჯერჯერობით მიღებული არ აქვს.
როგორც კომპანია "საქკაბელის" დირექტორი ედიშერ მამალაძე აცხადებს, სანამ იმ საქონლის ნუსხა დამტკიცდება, რომელზეც შეღავათი გავრცელდება, არსებული მდგომარეობა უარყოფითად მოქმედებს, როგორც იმპორტიორებზე, ისე ადგილობრივ წარმოებაზე.
"წარმოიშვა ის პრობლემა, რომ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ძირითადი საშუალებების იმპორტი თავისუფლდებოდა დამათებითი ღირებულების გადასახადისგან, თუმცა ამ შემთხვევაში მას მოჰყვა 2012 წელს დამტკიცებული ნუსხა და ჩანაწერი, რომ ნუსხა დამტკიცდება მთავრობის სხდომაზე. ვინაიდან ეს ნუსხა დამტკიცებული არ არის და ბიზნესი საგადასახადო შეღავათით ვერ სარგებლობს, ცუდ მდგომარეობაში ვარდება როგორც იმპორტიორი, ასევე ადგილობრივი მეწარმე. იმპორტიორმა შემოიტანოს ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაიხადოს, ხოლო ადგილობრივმა მეწარმემ, რომელიც მოხვედრილია ამ კოდში თუ თვითონ აწარმოებს ამ ტიპის პროდუქციის იმპორტი აჯობებს და არათანაბარი კონკურენცია იქნება", - აცხადებს ედიშერ მამალაძე.