"საქსტატი" მაია მელიქიძის შენიშვნას არ იზიარებს და უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოოგის შეცვლას უახლოეს პერიოდში არ გეგმავს.
"საქსტატი ანგარიშობს უმუშევრობის დონეს საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმუშევრობა ითვლება მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, აღნიშნული მეთოდოლოგიის ცვლილებას "საქსტატი’’ არ აპირებს უახლოეს პერიოდში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მეთოდოლოგიით სარგებლობას", - განაცხადა "ბიზნესკონტრაქტთან’’ "საქსტატის’’ ხელმძღვანელის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ.
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი თვლის, რომ უმუშევრობის დონის დათვლის არსებული მეთოდოლოგია შესაცვლელია და საჭიროა ფარული უმუშევრობის დონეც დადგინდეს. მის ამ შენიშვნას არ იზიარებს "საქსტატის’’ ხელმძღვანელის მოადგილე.
"არ ვიზიარებ ამ შენიშვნას, თუ ეს ეხება მეთოდოლოგიას. სხვა მიმართულებით რაც შეიძლება, რომ ჩვენ გავაუმჯობესოდ, ეს არის მონაცემების სტატისტიკური ცდომილების შემცირება. ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემის სრულყოფა შეიძლება უფრო მეტი ადამიანის გამოკითხვით და უფრო ხშირი გამოკითხვით. ამჟამად ჩვენ ვაქვეყნებთ ყოველწლიურ მონაცემებს, თუმცა მომავალი წლიდან იგეგმება ყოველკვარტალური მონაცემების გამოქვეყნება. მეტი ადამიანის გამოკითხვით ამ მონაცემების სიზუსტეს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ’’-განმარტავს თენგიზ ცეკვავა.
ცეკვავას თქმით, უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრად ითვლება ადამიანი, რომელიც არ არის დასაქმებული თუნდაც ერთი საათით ბოლო 7 დღის განმავლობაში. ამავე დროს ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს აქტიურად და უახლოეს ერთ კვირაში მზად არის დასაქმდეს.