Home
Category
TV Live Menu

სარეზერვო ფონდის მოცულობამ გეგმას 256%-ით გადააჭარბა

593e9d7a9c5e9
თელარა გელანტია
12.06.17 17:53
840
2016 წელს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა სახელმწიფო ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით 50 მლნ ლარით განისაზღვრა, მაგრამ ფისკალური წლის ბოლოს, სარეზერვო ფონდის დაზუსტებულმა ოდენობამ 178.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმიურ მაჩვენებელს 256%-ით აღემატება.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს ეხება.
„საკანონმდებლო დონეზე სარეზერვო ფონდების განმარტების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, გასული წლების მსგავსად, 2016 წლის განმავლობაშიც ადგილი აქვს სახსრების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე“, - წერია მოხსენებაში, სადაც კონკრეტული ფაქტებიც არის მოყვანილი.

მაგალითად: 2016 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მილიონ 489 ათასი ლარი გამოიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეს სახელმწიფო ყოველწლიურად აღნიშნავს, შესაძლებელი იყო შესაბამის მხარჯავ დაწესებულებს ეს ხარჯი ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაეთვალისწინებინათ; ასევე, გასულ წელს, ბათუმში 14-15 ივლისს საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზის“ ჩასატარებლად სარეზერვო ფონდიდან გაიხარჯა 255 ათასი ლარი, მაშინ როდესაც ეს კონფერენცია მეცამეტედ ჩატარდა და შესაბამის უწყებას შეეძლო აღნიშნული ხარჯი თავის ბიუჯეტში გაეწერა; მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით, 24 მლნ ლარი გამოიყო რთველის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩასატარებლად. ეს უკანასკნელიც ისეთი ხარჯია, რომლის გაწევა, ფაქტობრივად, მთავრობას ყოველწლიურად უწევს და ა.შ.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, საკანონმდებლო დონეზე დაიხვეწოს სარეზერვო ფონდების განმარტება და უფრო კონკრეტულად განისაზღვროს იმ ღონისძიებების ტიპები და შინაარსი, რომელთა დაფინანსება შესაძლოა, სარეზერვო ფონდებიდან განხორციელდეს.

გარდა ამისა, მოხსენებაში დაკონკრეტებულია თუ რის ხარჯზე გაიზარდა მთავრობის სარეზერვო 50-მილიონიანი ფონდის მოცულობა 178 მლნ ლარამდე.

„გასული წლების მსგავსად, წლის განმავლობაში ფონდში 82.0 მლნ ლარი მიმართულ იქნა საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან; ასევე, 7.0 მლნ ლარი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებების ფონდიდან, 22.8 მლნ ლარი 2016 წელს გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიებიდან, ხოლო 16.3 მლნ ლარი სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ფისკალური წლის ბოლოს, მთავრობის სარეზერვო ფონდის დაზუსტებულმა ოდენობამ 178.1 მლნ ლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად - 256%-ით გადააჭარბა (ნომინალურ გამოხატულებაში 128.1 მლნ ლარით) ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებელს. რაც შეეხება ფაქტობრივი ათვისების მდგომარეობას, ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობამ 173.7 მლნ ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 172.9 მლნ ლარი შეადგინა“, - წერია ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day