სასამართლოს განჩინების მიხედვით, რომელიც მოსამართლე ლაშა ქოჩაშვილმა შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმე შეწყვეტის საკითხზე მიიღო, კომპანიის წლევანდელი შემოსავლები, ხარჯებს აღემატება.
სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2016 წელს წელს საოპერაციო ხარჯებზე გადასახდელი თანხების და ვადამოსული კრედიტორული დავალიანებების გათვალისწინებით, საჭირო ფულადი სახსრები 6 001 530 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მისაღები ფულადი თანხები - 6 077 180 აშშ დოლარს, რაც 75 650 აშშ დოლარით აღემატება გასაცემ თანხებს.
შესაბამისად, 15 მარტს, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს "სტუდია მაესტროს" შეუძლია ვალი დაფაროს კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.
განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ სესხის დიდი ნაწილი, ერთ-ერთი კრედიტორის და მეწილის, მაკა ასათიანის მიმართ, რაც მისი მტკიცებით, 42 მილიონზე მეტს შეადგენდა, დოკუმენტურად არ დასტურდება. შესაბამისი დასკვნა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ BDO-მ გასცა.
"აუდიტორული კომანიის მიერ გაცემული ანგარიშის შესაბამისად, სესხის ოდენობა რეალურად იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას თავად კრედიტორი და საზოგადოების ყოფილი მენეჯმენტი აცხადებენ. გარდა აღნიშნულისა, სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაფარვის ვადა არის 2019 წლის ბოლო, ხოლო კრედიტორის მიერ სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და კანონის მოთხოვნებიდან“, - აღნიშნულია განჩინებაში.