მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადავიდა. აღნიშნული ცვლილებით საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას ელოდება ICC საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი თქმით, ერთი ჯგუფიდან, მეორეში გადასვლას თან დადებითი მომენტი მეტი აქვს, ვიდრე უარყოფილითი. მჭედლიშვილის განმარტებით, საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ, საქართველოსთვის გამოყოფილ კრედიტების რაოდენობაზე გავლენას არ იქონიებს.
"რა თქმა უნდა სურვილია, რომ შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იყოს ისეთი მაღალი, როგორიც ეს თუნდაც ამერიკაში და სხვა მოწინავე ინდუსტრიულ ქვეყნებშია.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არ შემცირებულია, მოსახლეობის გაცილებით ნაკლები ნაწილი აწარმოებს იგივე მთლიან შიდა პროდუქტს, რაც ადრე გვქონდა, აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს ზრდა და ეს ძალიან კარგია“, - ამბობს მჭედლიშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას. მისი თქმით, საფინანსო ინსტიტუტებისგან გამოყოფილი კრედიტების 80% დღეს შეღავათიანია.
"საფინანსო ინსტიტუტები თვლიდნენ, რომ ჩენ ვართ ღარიბი ქვეყანა რომელსაც არა კომერციული, არამედ შეღავათიანი კრედიტი უნდა მიეცეს. დღეს ჩვენ გადავდივართ უკვე საშუალო განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ფინანსურად, თუ ქვეყანას უჭირს, ყველას გვერდში უდგას, თუნდაც სავალუტო ფონდი. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს ფინანსური დახმარება შემცირდეს. საფინანსო ინსტიტუტები კვლავ გააგრძელებენ საქართველოსთან თანამშრომლობას.
რაც უფრო მდიდარია ქვეყანა და რაც უფრო ლიბერალურია რეგულაციები, ინვესტორები უფრო ხალისით მიდიან ამ ქვეყანაში ფულის ჩასადებად.
დღესაც კი ჩვენ და რუსეთი ქვეყნების ერთ ჯგუფში ვართ, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა ამ ჯგუფში გადასვლით კიდევ უფრო გაიზრდება" - განაცხადა მჭედლიშვილმა.