საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში, იგეგმება ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის ორგანიზება. Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, - თემის დეტალებით ’’საქმიან დილასთან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.
- ბატონო გიორგი რამდენად აქტიურად მიმდინარეობს კახეთში სასტუმროს ნომრების დაჯავშნა?
- პროექტი უკვე ძალაშია 13-დან 27 თებერვლამდე გაგრძელდება პირველ რეგიონში კახეთში. პროექტით უპირველესად, ტურიზმს გვინდა შევუწყოთ ხელი და მეტი არგუმენტი და სტიმული მივცეთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ფასდაკლების სახით, რომ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურონ. კახეთი ორი კვირის განმავლობაში პირველი რეგიონი იქნება, რომელიც 25% და მეტ ფასდაკლებას შეთავაზებს ჩვენ თანამოქალაქეებს. მეორე, კერძო სექტორის სტიმულირებაა - მინი მარკეტინგული კამპანიების საშუალებით მეტ ადამიანს დავაინტერესებთ და შესაბამისად სასტუმროებში მეტი ადამიანი დაისვენებს. ეს ყველაფერი კარგია, როგორც შიდა ტურისტებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.
- რამდენად ეფექტურად წამოვიდა კერძო სექტორი ამ თანამშრომლობაზე ფასდაკლების კუთხით?
- ამა თუ იმ რეგიონს სეზონურობა ახასიათებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერა ამ შემთხვევაში ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან სასტუმროებისთვისაც საინტერესო გამოდგა და მადლობა მინდა გადავუხადო იმ 11 სასტუმროს, რომელიც ჩაერთო ჩვენს ინიციატივაში. ჩვენ კრიტერიუმები გვქონდა, - 20 ან მეტი სასტუმრო ოთახი უნდა ყოფილიყო და მეორე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ამ მომენტისთვის ყველაზე დაბალი ფასი იყო და მინიმუმ 25%-იან ფასდაკლებაზე უნდა წამოსულიყვნენ. თვითონ სასტუმროებს თავისი გადაწყვეტილებით სხვადასხვა პერიოდებში სპეციალური აქციები აქვთ, თუმცა ასეთი მასშტაბური აქცია, როდესაც ჩვენ მთლიანად საზოგადოებას ვეუბნებით, რომ დიდი კამპანია დაიწყო და დიდი პროდუქტია და 11 სასტუმრო ცოტა არ არის.
- რომელია შემდეგი რეგიონი?
- შემდეგი იქნება აჭარა, რომელიც გაზაფხულის დასაწყისში საკმაოდ დაუტვირთავია და ჩვენ უკვე მოლაპარაკებები გვაქვს სასტუმროებთან, ინტერესი იქაც ძალიან დიდია და შემდეგი რეგიონი აჭარა იქნება.
რეგიონებში შესაძლოა წელიწადში ორჯერაც გამოცხადდეს ეს კამპანია. როგორც უკვე აღვნიშნე ეს ყველაზე დაბალ სეზონზე სტიმულირების მექანიზმია.
-2017 წელს რომელი იქნება ახალი ბაზრები მარკეტინგული ღონისძიებებისთვის?
-მიმდინარე წელს, ჩვენ როგორც ტრადიციული ბაზრების აღმოჩენას გავაგრძელებთ, ასევე ახალ ბაზრებს კიდევ უფრო განვავითარებთ. ახალ ბაზრებში ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ვგულისხმობ. ერთ-ერთი კრიტერიუმი სადაც მარკეტინგულ სახსრებს ვხარჯავთ არის, სადაც რეისებია. WizzAir-ის მაგალითზე გეტყვით, რომ სექტემბერში 7 ახალი რეისი გაიხსნა და ჩვენ მათთან ერთად სხვადასხვა ტიპის გარკვეული აქტივობები ჩავატარეთ ამა თუ იმ ბაზარზე, მათ შორის ადგილზეც ჩავედით და პრეზენტაციები გავმართეთ .