სათამაშო ბიზნეს ასოციაცია მოსაკრებლის 10%-მდე ზრდას არარეალურად მიიჩნევს. როგორც ლევან ახვლედიანი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, ონლაინში გაკეთებული ფსონი, არ აქვს მნიშვნელობა მომხმარებელი მოიგებს თუ წააგებს, 5%-ით იბეგრება.
„კომპანიის მარჟა 5-7%-ს შორის ტრიალებს, ამიტომ ონლაინ ტოტალიზატორები საკმაოდ დაძაბულად მუშაობენ. ეხლა გამოდის ის 10% სახლიდან უნდა მოვიტანოთ. 10% არარეალური თანხაა“-აცხადებს ლევან ახვლედიანი.
სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება, - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ტოტალიზატორი, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას მიღებული ფსონების ჯამი დაიბეგრება 10%-ით, როცა აქამდე იბეგრებოდა 5%-ით, რაც მოგვცემს 30 მილიონის დამატებით აკუმულირების შესაძლებლობას და ასევე, 30%-ით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განაკვეთი მაგიდებთან დაკავშირებით, რაც 20 მილიონი ლარის დამატებით შემოსავლების მობილიზების შესაძლებლობას მოგვცემს.