აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წლის აპრილ-ივნისში ჩატარებული უცხოელი ვიზიტორების კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებით, ერთი ტურისტის მთლიანი ვიზიტის ხარჯი აჭარაში საშუალოდ 1 059 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ციფრში შედის კვების, განთავსების, გართობისა და აჭარაში ყოფნისას განხორციელებული ყველა აქტივობის ხარჯი, - კვლევის შედეგებზე ’’საქმიან დილასთან’’ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი საუბრობს.
- ბატონო მამუკა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ვიზიტორების საკმადო დიდი ნაწილი აჭარას სათამაშო ბიზნესის სფეროებით გასართობად სტუმრობდნენ. გადასახადები სათამაშო ბიზნესისთისაც იზრდება და ამ გადაწყვეტილებით, ამ სფეროს აჭარაში რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება?
- მე არ ვფიქრობ, რომ ეს საფრთხის შემცველია ჩვენთვის. სათამაშო ბიზნესი ის დიდი სიკეთეა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ აჭარას იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სეზონურობა რაღაც დოზით დაძლეული იყოს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ კუთხით რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. სიმართლე გითხრათ აჭარასთან მიმართებაში მე ჯერ კონსულტაციები არ მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, რადგან კაზინოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასტუმრო ბიზნესის არსებობისთვის, დაბალი აქტივობის პერიოდში, ანუ ზამთარში და გაზაფხულზე განსაკუთრებით.
ჩვენს კაზინოებს თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ისედაც ძალიან ბევრი ვიზიტორი დააკლდა და ეს პროცესი თურქეთში როდის დამთავრდება ჯერ არავინ იცის. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერი კუთხით, განსაკუთრებით აჭარასთან მიმართებაში შეიძლება დამღუპველი იყოს, რადგან ამ ბიზნესს თურქი მოთამაშე ტურისტის სახით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომხმარებელი დააკლდა. ვფიქრობ, რომ ჯერ უპირველესად, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს უნდა დაველოდოთ, გავაანალიზოთ და ვიცოდეთ დაახლოებით რა პოლიტიკით შეიძლება თურქეთში ეს რეალობა გაგრძელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში თუ რამე საგადასახადო ცვლილებები იგულისხმება სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში, მაშინ სახელმწიფოს, ანუ ჩვენი მხრიდან უნდა გადაიხედოს ის, თუ რა ახალი ბაზრები შეიძლება იქნას აღმოჩენილი სათამაშო ბიზნესისთვის.
- ბოლო კვლევის შემდეგ თუ მოხვდა კვლევაში ტურისტების კმაყოფილების დონის გაუმჯობესება?
- მაშინ, როდესაც პარლამენტის ერთ-ერთი წევრი თბილისში ტურისტების გადასახადების დაწესებაზე აცხადებს და მეორე მხრივ, ექსპერტები ამ აზრის განხილვას დროს უთმობენ - მსჯელობა ცოტა არასწორი კუთხით მიდის და უნდა ითქვას, რომ თუნდაც ის აზრი, რომელიც პარლამენტის ახალმა წევრმა გააჟღერა ცუდი არ არის და ამ აზრის ერთი ხელის მოსმით გვერდზე გადადება სწორი არ იქნება.
მეორე მხრივ მაშინ, როდესაც ექსპერტები საუბრობენ ამ აზრის უპრიანობაზე, საურველია, რომ ჩვენ მეტი ექსპერტული ცოდნით მივუდგეთ მის გაანალიზებას და შემდეგ კონკრეტული გზების ძიებას.
- თქვენ კონკრეტულად რა დადებითს ხედავთ პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ამ ინიციატივაში, სადაც იგი შესაძლო მოსაკრებლის დაწესებაზე საუბრობდა?
- პირობითად ვთქვათ, რომ ეს გადასახადი იქნებოდა ბათუმისთვის. მაშინ, როდესაც ეს კვლევა გვაჩვენებს, რომ აჭარაში ვიზიტორი საშუალოდ 2-3 დღე ჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი გადასახადის შემოღების შემთხვევაში ტურისტისთვის დამატებით გადასახდელი იქნებოდა სამჯერ ან ორჯერ 2 ევროს ექვივალენტი. ამ იდეის დრამატული ხასიათის მიცემა მოხდა, მაშინ, როდესაც ეს დრამატული არ არის. ადამიანი, რომელიც წყვეტს საქართველოში ან აჭარაში მოგზაურობას, მისთის დამატებითი 6 ან 8 ევრო რეალობას არ ცვლის. თუმცა ექსპერტები, როდესაც ამაზე საუბრობენ ამ კუთხის უფრო სწორი მიმართულებით წარმართვა მართებთ. ვფიქრობ, რომ ეს გადასახადი ჩვენთვის ჯერ ნაადრევია და მაშინ, როდესაც ამაზე პარლამენტარი საუბრობს, თუნდაც ის არასწორი მიმართულებით მიდიოდეს, ამის სწორი მიმართულების მიცემას უნდა უზრუნველყოფდეს ექსპერტული აზრი სწორედ მსგავსი კვლევების საშუალებით. კვლევასთან კავშირში არ არის, მაგრამ პირობითად გეტყვით, რომ დღესდღეობით ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ თვითმმართველი ერთეულები ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაში ფაქტობრივად ჩართული არ არიან. ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ქვეყნის რეგიონალურ დონეზე არავითარ ინფორმაციას არ იძლევა.