სემეკის წევრობის კანდიდატი დავით ნარმანია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის შეცვლის საჭიროებას ვერ ხედავს. Bm.ge დაინტერესდა, როგორ აფასებს ნარმანია სატარიფო მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ტარიფების დათვლა ხდება.
„სემეკმა 2014 წელს მიიღო ჯერ ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის მეთოდოლოგია, შემდეგ - გაზმომარაგების სექტორში, რომელიც პრინციპულად განსხვავებულია ადრე არსებულთან შედარებით, შესაბამისად, ამ ნაწილში რაიმე გადასახედი ჩემი აზრით, არ არის. მთავარია, რომ მეთოდოლოგია საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულია, შესაბამისად, არსებობს ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე საკმაოდ კარგი ბაზა, რომ ტარიფები იქნას გაანგარიშებული ისე, რომ ერთის მხრივ, სერვისის მიმწოდებელი კომპანიები განვითარდნენ და მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვან ტვირთად არ დააწვეს მომხმარებლებს და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიებმა მიიღონ სრული, გონივრული მოგება, რათა მათ შემდგომი განვითარება და ინვესტიციების განხორციელება შეძლონ“, - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკის წევრებად დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. მათ სემეკის წევრობის თანამდებობაზე პარლამენტი პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უყრის კენჭს.