საუდის არაბეთის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ Saudi Aramco IPO-ს განხორციელება შესაძლოა 2019 წლისთვის გადადოს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა აქციების პირველად განთავსებას 2018 წლის მეორე ნახევრისთვის გეგმავდა, აქციათა პირველადი შეთავაზებისთვის კომპანიაში მრავალი ცვლილებაა გასატარებელი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg.
როგორც Saudi Aramco-ში აცხადებენ, IPO-ს განსახორციელებელი მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია პირველადი აქციების გამოტანას უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით გეგმავს. თუმცა, ვადები ჯერ არ სახელდება. ასევე ჯერ არ დასახელებულა ქვეყანა ერ-რიადის საფონდო ბირჟის გარდა Aramco-ს ფასიანი ქაღალდები სად იქნება გამოტანილი. საუდის არაბეთს აღნიშნულის შესახებ ოქტომბრის ბოლოს შეუძლია გამოაცხადოს, მაშინ, როდესაც ერ-რიადოში დიდი საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება. როგორც ვარაუდობენ, ასეთ ადგილად შესაძლოა ლონდონი, ან ნიუ-იორკი დასახელდეს.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის დაბალ ფასებს ებრძვის, რაც კომპანიის შეფასებაზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. ადრე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთელი კომპანიის ღირებულება 2 ტრილიონ აშშ დოლარად შეიძლება შეფასდეს, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის ოფიციალურ ტიტულს მოიპოვებს, ხოლო ანალიტიკოსების შეფასება უფრო დაბალია და მათი ვარაუდით, საფონდო ბირჟაზე გასვლა Aramco-ს ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული შემოსავლების კლების დაბალანსებაში დაეხმარება. Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორი ამინ ნასერი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში აღნიშნავდა, რომ კომპანია IPO-ს სავარაუდოდ 2018 წლის მეორე ნახევარში განახორციელებდა.
Saudi Aramco-ის ფასიანი ქაღალდების გამოტანა ქვეყნის ეკონომიკური დივერსიფიკაციის სტრატეგიის ძირითად ელემენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის 100%-იანი წილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკუთვნის.