საუდის არაბეთის სამეფოს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი საქართველოს ბაზრით დაინტერესდა. 2-3 ოქტომბერს საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის Al-Bawani Group აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი ეწვია. Al-Bawani Group-ი 30 წელზე მეტია საქმიანობს და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, Al-Bawani Group-ის დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს გაეცნო და საქართველოს ოფოციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, - თემაზე გადაცემაში ’’საქმიანი დილა“ საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა საუბრობს.
-ბატონო გიორგი, როგორ წარიმართა გაცნობითი შეხვედრები და რა ინტერესები გამოიკვეთა არაბი ბიზნესმენების მხრიდან?
-ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი პრემიერმინისტრს შეხვდა. შეხვედრას ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის მინისტრებიც ესწრებოდნენ. მანამდე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს შევხვდით და შემდგომ საპარტნიორო ფონდის გუნდთან გაიმართა შეხვედრა. ასევე მცირე შეხვედრები გვქონდა კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან. Al-Bawani Group-ი ძალიან სერიოზული, ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფია. ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი წამყვანი სფერო მშენებლობაა. არაბული სამყაროს გარდა, მათ ინვესტიციები ევროპაშიც აქვთ. ჯგუფმა ლონდონში დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციები განახორციელა. მათთან უკვე ორ წელზე მატია ურთიერთობა მაქვს და როგორც ელჩი ვცდილობდი საქართველოში ჩამომეყვანა, რათა საქართველოს საინვესტიციო კლიმატს გასცნობოდნენ. მართალია, ეს ცოტა დროში გაიწელა, მაგრამ შევძელით მათი საქართველოში ჩამოყვანა. უპირველესად, ეს შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა კონკრეტული მიმართულებებიც დაისახა.
-როდესაც საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მათთან საუბარს იწყებდით რაზე აკეთებდით აქცენტს, რა სფეროებით მოიზიდეთ და დააინტერესეთ ისინი?
-ჩვენ საელჩო სამი წლის წინ გავხსენით. მანამდე მწირი შესაძლებლობები გვქონდა. როდესაც ქვეყანაში ოპერირებ და გაქვს ურთიერთობები როგორც სამეფო კართან, ისე სამინისტროებთან და ბიზნესმენებთან, ეს ყველაფერი უფრო ადვილია, რადგან მიდიხარ მათ ხვდები, პრეზენტაციებს აკეთებ სხვადასხვა ბიზნესჯგუფებთან და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი ჩემით დაინტერესდა და ოფისში დამპატიჟა, სადაც გამომკითხა თუ რა გვაქვს, როგორ გვაქვს, რას ვაკეთებთ. უპირველესად, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საუდის არაბეთში და ზოგადად ყურის არაბულ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება. ეს სტატისტიკაშიც ნათლად ჩანს. ამ ქვეყნების ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მხარჯველები არიან და გარდა ამისა, კარგი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან საქართველოზე, ჩვენს კულტურაზე, არქიტექტურაზე, ისტორიაზე, სამზარეულოზე და ცდილობენ ეს ყველაფერი საკუთარ ოჯახებს გააცნონ, რომ შემდგომში უკვე ოჯახებით ერთად ჩამოვიდნენ საქართველოში. რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში საუდურმა ინვესტიციებმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, მათი ინტერესები ნელ-ნელა უფრო იზრდება. თუ რეგიონში არსებულ პოლიტიკურ რისკებს გავითვალისწინებთ, საქართველო მათთვის სტაბილურობის კუნძული, დაცული და ძალიან მომხიბლავი ქვეყანაა.
- ჩვენთვის ცნობილია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგია ეკონომიკური ატაშეების წარგზავნასთან დაკავშირებით, თუ ფლობთ ინფორმაციას თქვენს რეგიონში ხომ არ იგეგმება მსგავსი წარმომადგენლის დამატება?
-ეს მთავრობის ძირითადი სტრატეგიაა და მე მივესალმები მას. უპირველესად, ალბათ გაერთიანებული არაბული ემირატებიდან დავიწყებთ, რომელიც ქუვეითიდან იფარება და ვინაიდან ურთიერთობა უკვე გვაქვს ჩვენ გაერთიანებულ ემირატებთან, დუბაისთან, შარჯესა და აბუ-დაბისთან, ჯერ იქ ინიშნება და შემდეგ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოება მოხდება.
-აქცენტი მხოლოდ თბილისზე იყო თუ Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მასშტაბით დაინტერესდა?
-რადგან მხოლოდ თბილისში იყო, ჩვენ დედაქალაქის შესაძლებლობები დავათვალიერებინეთ, თუ როგორი ინფრასტრუქტურაა, რა შენდება და ა.შ. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ბათუმი და ქუთაისის განიხილება.
-თბილისის შესაძლებლობებიდან რას გამოყოფდით?
-თანაინვესტირებისა და საპარტნიორო ფონებში მას კონკრეტული სხვადასხვა პროექტი გააცნეს და ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. არის საშუალება, რომ ჩვენ მოვიძიოთ და შევთავაზოთ პროექტები, ან თავად ის დაინტერესდეს და ეს მხოლოდ ერთი ვიზიტით არ იქნება შემოფარგლული.