სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოში 106-მა აუდიტორიულმა კომპანიამ გაიარა. ონლაინ რეგისტრაცია 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის შესახებ კანონშია აღნიშნული, აუდიტორიული ფირმა და ფიზიკური პირი რეგისტრაციის გარეშე აუდიტორიულ მომსახურებას ვერ განახორციელებს.
რეგისტრაციას ვადები არ გააჩნია და აუდიტის ჩატარებით დაინტერესებულ პირს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგისტრაციის გავლა, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდის საშუალებით.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, აუდიტორის სტატუსი პირველი ნოემბრიდან დღემდე 196 პირს აქვს მინიჭებული.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.
ახლადშექმნილი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს კონტროლია, რომელსაც აქამდე "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" ახორციელებდა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საბჭოს უფლებამოსილებებია: კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, დარგობრივ-პროფესიული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების 10 სამუშაო დღის ვადაში წარდგენა; სამსახურის უფროსისთვის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების წარდგენა; სამსახურის უფროსის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის კონსულტაციის გაწევა და საბჭოს პოზიციის რეკომენდაციის სახით წარდგენა; სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა; კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.