საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით საქართველოს საგადასახადო სისტემის ტექნიკური შეფასების ანგარიში, - ასე ეწოდება კვლევას, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩაატარა. ანგარიში 2016 წლის ივლისისთვის არსებულ მონაცემებს ეყრდნობა და 9 სხვადასხვა სფეროს 28 კონკრეტული მიმართულების სუსტ და ძლიერ მხარეებს გამოყოფს.
28 მიმართულებას სავალუტო ფონდი ოთხქულიანი სისტემით აფასებს, სადაც A უმაღლესი შეფასებაა, ხოლო D ყველაზე დაბალი.
ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ყველაზე უარყოფითი D ქულითაა შეფასებული საგადასახადო დავალიანებების მოცულობას და დინამიკას მოიცავს. კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ისტორიული ვალის ოდენობა ძალიან მაღალია და ის ძირითადად ადრინდელი საგადასახადო დავალიანებისგან შედგება. 2015 წლის ბოლოსთვის ეს ციფრი 5,8 მილიარდს აღემატებოდა, რაც წლიური საგადასახადო მობილიზებების 70 პროცენტზე მეტია.
სავალუტო ფონდის შეფასებით, არაადექვატურად ფუნქციონირებს საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული მეთოდები, დეკლარაცებში უზუსტო ანგარიშების მონიტორინგის პროცესში. კვლევაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახური მონიტორინგს არ უწევს უზუსტო ანგარიშების მიერ გამოწვეული შემოსავლების კარგვას. D ქულის კატეგორიაში მოხვდა ასევე დღგ-ს დაბრუნების პროცესიც. ამის მიზეზად სახელდება, როგორც თავად პროცესის მიმდინარეობა, ასევე მასზე გაწეული დროც.
საქართველოში დავის გადაწყვეტის ნორმატიული ვადა 65 დღეა, - სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ მოცემული ვადა ძალიან დიდი დროა. ამიტომ ამ კატეგორიაში საქართველოს C ქულა ერგო, თუმცა დადებითად არის შეფასებული თავად დავის გადაწყვეტის პროცესი.
დავის შედეგებზე რეაგირება სრულყოფილად არ ხდება. სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახური განიხილავს სადავო საქმეების შედეგს და ჰყავს მცირე ქვედანაყოფი, რომელიც მონიტორინგს უწევს გადაწყვეტილებებს, მაგრამ პროცესი არ არის სისტემური ხასიათის და არ ხდება რეაგირება ყველა მატერიალურ შედეგებზე. ამასთან ანგარიშში ვკითხულობთ, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შემოსავლების სამსახურში რეგულარულად მიმდინარეობდეს კორუფციისა და არასწორი მმართველობის შედეგებსა და მათზე გაკეთებულ რეკომენდაციებზე ზომების მიღება.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კერძო საგადასახადო კონსულტანტის ე.წ "პრაივის" მომსახურების გარდა, შემოსავლების სამსახური თითქმის არ ცდილობს გადამხდელთა მოსაზრებების მოპოვებას გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ. ამასთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დადგენილ ვადებში დეკლარირების მაჩვენებელი, რომელიც დაბალია ყველა ძირითადი გადასახადისათვის. მათ შორის მოგების, საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემთხვევაში. დაბალი მაჩვენებლები კი ასახავენ დეკლარაციების წარდგენის მონიტორინგის არ არსებობას და მიუთითებენ დეკლარაციების წარდგენის აღსრულების ნაკლოვანებაზე და საგადასახადო რეესტრის სისუსტეზე. ყველაზე დადებითად, შეფასებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული დეკლარირების საშუალებების გამოყენება. ამასთან უწყების ძლიერ მხარედ სახელდება გამარტივებული საგადასახადო სისტემები მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, გადასახადის წინასწარ გადახდის სისტემა და თანამედროვე საინფორმაციო აპლიკაციების გამოყენება. ჯამში, კი კვლევაში ვკითხულობთ, რომ სამსახური შემოსავლების მონიტორინგისა და ანალიზის შესაძლებლობების განვითარების ადრეულ სტადიებში იმყოფება.