„როცა ჩვენ გვგონია, რომ არაკომპეტენტურობას ვმალავთ, სინამდვილეში ამას ყველაზე მეტად ვავლენთ“ - სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი „ქალების ნარატივში“
პატარა კოსმონავტის სინდრომი - ეს თქვენი ფრაზაა და მას ხსნით, როგორც მოვლენას, როდესაც ამბიციურად რაღაც გინდა, მაგრამ ვერ იაზრებ რა ცოდნა და ენერგია სჭირდება მას, რა ენერგია. თავად თუ გამოგიცდიათ ეს?
-ახლაც მაქვს. გულის სიღრმეში, ყოველთვის გრძნობ, რომ იმდენი არ იცი, რამდენიც გინდა, რომ იცოდე. გარშემომყოფებს არ გინდა აჩვენო რა არ იცი. ეს გვზღუდავს ხოლმე. ამისგან ბოლომდე გათავისუფლება რთულია, შეიძლება ნელ-ნელა შეიმსუბუქო, იმ მხრივ, რომ ნაკლებად გეშინოდეს. ამას შიშამდე მივყავართ, რომელიც რაღაცებს არ გვაკეთებინებს - „რომ არ გამომივიდეს?“, „ეს რომ ვთქვა და სხვამ ჩემზე ეს იფიქროს?“ და ა.შ. საბოლოოდ, ამის გამო, აღარ აკეთებ.
-მიუხედავად ამხელა გამოცდილებისა და დადებითი გამოხმაურებისა, საზოგადოების დამოკიდებულებასთან დაკავშირებული შიში ვერ გადალახეთ?
-შიში დღემდე არის. საზოგადოება ბევრად უფრო ხმამაღალია და თავს არ იკავებს აზრის გამოთქმისგან და შეწინააღმდეგებისგან, ეს ცუდი არაა. ჩვენ ვლაპარაკობთ ბიზნესის სახელით. მე რეკლამაში საკუთარ ნააზრევს კი არ ვამბობ, არამედ ვცდილობ, ბრენდის ნააზრევი გამოვხატო. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა.
აღსანიშნავია, რომ შენ თუ გჯერა, რომ აბსოლუტურად მართალი ხარ, ძალიან კარგ რამეს აკეთებ, ეს შიშის გამო არ უნდა დაბლოკო. თანაც, გუნდის წევრების მხრიდან ერთმანეთის შეგულიანებაც საგულისხმოა.
თუ რაღაცაზე არ ნერვიულობ ჩაშვებამდე, ესე იგი, მთლად ღირებული ვერაა.
-საინტერესოა, თქვენ რომელი პროექტი გეამაყებათ?
-ჩემთვის საქართველოს ბანკის „შინაგანი ბავშვი“ არის ძალიან ახლობელი პროექტი.
-არაკომპეტენტურობის შეფარვას სადამდე მივყავართ? თავად თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
-ალბათ, მეც ვყოფილვარ ის ადამიანი, ვინც ცდილობდა საკუთარი არაკომპეტენტურობის შეფარვას. რაღაც დოზით ეს ალბათ, ყველას გამოუცდია. როცა ჩვენ გვგონია, რომ არაკომპეტენტურობას ვმალავთ, სინამდვილეში ამას ყველაზე მეტად ვავლენთ. ამ დროს, ვიღაცის აზრს არ ვითვალისწინებთ, უაზროდ ვეპასუხებით, მცდარ აზრს გამოვხატავთ, რომ არ გამოჩნდეს არაკომპეტენტურობა. ვფიქრობ, ეს სტატუსების ჭიდილმა გამოიწვია. როდესაც სტატუსი გენიჭება, პირობითად, დირექტორი ხარ, გგონია, რომ შესაბამისად უნდა მოიქცე და როცა რაღაც არ იცი, ამას იმდენად მალავ, რომ აგრესიული ადამიანი ხდები. არადა, ყველაზე წარმატებულები, ვინც მინახავს, პირიქით არიან. ძალიან ჭკვიანები კიდევ კითხვას გისვამენ, ყველას აზრს ითვალისწინებენ.
-შესაბამისად, სტატუსის ძალა საქართველოში შეიმჩნევა?
კი, რიგ შემთხვევებში, სავიზიტო ბარათის „მძევლები“ ხდებიან ადამიანები. გასათვალისწინებელია სტატუსის დაკარგვის შიშიც. სენია, რომ იმაზე კი არ ფიქრობენ რა გააკეთონ, არამედ იმაზე, სტატუსი როგორ შეინარჩუნონ.
-რამდენად გვასწრებს „წარმოსახვითი მე“ საზოგადოებაში?
-ნეტა, შემეძლოს საკუთარი თავისთვის გვერდიდან შემეხედა. მე ბოლომდე არ ვიცი როგორი ვარ. ალბათ, გარეგნულადაც არ ვართ ის, რაც წარმოგვიდგენია. გარემო კი, უმეტეს შემთხვევაში, ობიექტურად გვიყურებს. მარტივი მაგალითია თუნდაც ის, როცა ახალ შარვალს ჩაიცვამ და სხვანაირად მოდიხარ ქუჩაში, თუმცა ობიექტურად, ისეთივე ხარ.
გასათვალისწინებელია ისიც, როგორი გვინდა რომ ვიყოთ, რა გვინდა რომ ვაკეთოთ, გამოგვივიდეს. მეორე მხრივ, რაღაც თუ გამოგივიდა, ავტომატურად რაღაცას წარმოადგენ და არა პირიქით.
აღსანიშნავია, რომ „წარმოსახვითი მე“-ს მიხედვით ვარჩევთ facebook-ზე როგორ ვწეროთ, რა მუსიკას ვუსმინოთ. შეიძლება, სხვა რამე მოგვწონდეს - ვუსმენდეთ, ვუყურებდეთ და ხალხში სხვაგვარად ვთქვათ.
პერფექციონიზმის ერაა, გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ უბადლო, უნაკლო, თანამედროვე, წარმატებული. მგონია, რომ ეს სტანდარტი საკუთარ თავებს ჩვენ შევუქმენით.
ალბათ, ერთგვარი ბალანსია საჭირო, ამ სურვილის გარეშე, ძალიან კარგი რაღაცები შეიძლება არც გაკეთდეს. მაგარი რაღაცები ასეთი ჭიდაობით და ტკივილით კეთდება. თუმცა, სულ ასე არ უნდა იყო, ხანდახან შენელება, შესვენებაც საჭიროა.
-პროფესიული თვალსაზრისით, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდით, ის განახორციელეთ?
-ოდნავადაც არ მიფიქრია, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში ვიმუშავებდი, სანამ რეალურად ამ სფეროში არ აღმოვჩნდი. დავიწყე სტაჟირებით. ბავშვობაში, ალბათ, „Spice girls“-ის წევრობაზე ვოცნებობდი.
დიდხანს ვერ ვბედავდი მეთქვა, რომ შემოქმედებით ინდუსტრიაში ვარ. მეგონა, რომ საკუთარი თავის შემოქმედებით ადამიანად მოხსენიება ხმამაღალი განცხადება იქნებოდა. ბავშვობაში თავს უფრო ბიზნესში ვხედავდი, წარმომედგინა სასტუმროს მფლობელად. ყველაზე ახლოს იყო მწერლობა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ ვწერ რეკლამებს, ტექსტებს.
-ამბობთ, რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეში თუნდაც ერთი პატარა იდეის დაბადება და განხორციელება. თავად ამას ახერხებთ?
-ყოველდღე ვერ. გააჩნია, იდეას რას დავუძახებთ. შეიძლება რამე დაწერო და ამაში მნიშვნელოვანი იდეა არ იდოს. მაგრამ აღნიშნულ ფრაზაში იგულისხმება ის, რომ ძილის წინ, თუ გავიაზრებთ, რომ დღეს ფუჭად არ ჩაუვლია, თუნდაც, რაღაც ახალი ვცადეთ, ეს უკვე კარგია.
-საინტერესო იქნება განვიხილოთ მარცხის ისტორიებიც...
-სარეკლამო ინდუსტრიაში მათ შორის, ექაუნთ მენეჯერადაც ვიმუშავე. ეს ერთგვარად შუა რგოლია სააგენტოს კრეატივ მხარესა და კლიენტებს შორის. მგონია, რომ ამ დეპარტამენტში არ ვიყავი კარგი თანამშრომელი. კონკრეტულად ამ სფეროში მუშაობა, ჩემთვის წარუმატებელი იყო. სხვა ინდუსტრიაში გადასვლაც კი ვიფიქრე.
ასევე, არის პროექტები, რომლებიც შეიძლება წარუმატებელი არ იყოს, მაგრამ არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც წარმოგედგინა.
აღსანიშნავია, რომ მარცხი არსებობს წარმატებული პროექტების მიღმაც, მაგრამ ეს არ ჩანს. „საქართველოს ბანკის“ კამპანიაა „გზა სულ არის“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ გზად ბევრი მარცხი შეგვხვდა. ახლა უკვე ვიცით, რომ დიდ პროექტებს ასეთი ეტაპები ახასიათებს.
-ატარებთ ტრენინგებს, განვმარტოთ ინსაიტის ცნებაც...
-ტერმინი გულისხმობს იმის მიგნებას, რაც სამყაროში არსებობს, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობთ. არის რაღაცები, რაზეც გვგონია, რომ მარტო ჩვენ გვახასიათებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველა ესე აკეთებს. ეს არის ინსაიტის ერთ-ერთი მაგალითი.
ჩვენში ბოლომდე ვგრძნობთ პატარა ბავშვს. ამას შვილთან ურთიერთობისას ყველაზე კარგად ვხვდები, იმიტომ რომ ახლაც ძალიან მსიამოვნებს „დამალობანას“ თამაში.
„გზა სულ არის შემთხვევაში“ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ყოველთვის ჩვენს თავში ან გარემოდან ვპოულობთ მიზეზებს იმის ასახსნელად რაღაც რატომ არ გავაკეთეთ, პასუხით - „სხვა გზა არ იყო“. ხანდახან გვჭირდება შეგულიანება ამის გადასალახად.
ინსაიტია თუნდაც ის, ბათუმში ზღვაში ნებივრობისას, ამოსვლის დროს, წინასწარ რომ ფიქრობ როგორ ახვალ ქვებზე, რადგან ეს მტკივნეულია.
ასეთი რაღაცების კომუნიკაციაში, რეკლამაში, ბიზნესში გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ნამდვილ რაღაცებს ეხება. იმას ვეხებით, რაც ადამიანებს აწუხებთ. რაზეც ფიქრობენ, იმაზე ველაპარაკებით, ან ვუგვარებთ. ესაა ყველაზე წარმატებული სარეკლამო კამპანიების ფორმულა.
-პანდემია თუ გახდა თქვენი ინსპირაცია სარეკლამო მიმართულებით?
-პანდემია და მისი შედეგები არის ამომავალი წერტილი იმისა, რასაც ბოლო პერიოდში ვაკეთებთ. თვალის დახუჭვას რა აზრი აქვს. ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, მაგრამ აქედან შეიძლება რაღაც გამოვიტანოთ. „ალტას“ კამპანია პანდემიის თემატიკაზე გავაკეთეთ. „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაშიც, გამოხატულია, რომ თითქოს ჩვენ ძალები წაგვერთვა. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეგ ძალა შენში თუ არის ვერაფერი გააჩერებს, აუცილებლად ამოხეთქავს.
-2021 წლისგან რას ელოდებით?
-მეტ ოპტიმიზმს და ცოტა ზემოთ სვლას. ვაქცინაციის დაწყებაც ამისკენ მიმითითებს. მგონია, რომ „ამოსვლის“ პერიოდი იწყება. ეს საქართველოსთვის უფრო რთულია, ისედაც რთული ქვეყანა ვიყავით. მგონია, რომ ერთმანეთი უნდა შევაგულიანოთ, რომ როცა საშუალება მოგვეცემა, მალე ავმოქმედდეთ და წინ სწრაფად წავიდეთ.
-შვილის შეძენამ თუ იქონია გავლენა ინსპირაციის თვალსაზრისით?
-სამყაროს ახალი დიდი განზომილება გაიხსნა, რომელიც აქამდე არ ვიცოდი, რომ არსებობდა.
სტუმარი: ეკა ყიფიანი - სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი