რაჭაში მრავალპროფილური საწარმოების კომპლექსი იფუნქციონირებს - ადგილზე სამი ქარხანა სამ სხვადასხვა პროდუქციას გამოუშვებს. საუბარია წყალზე, ღვინოსა და რაჭულ ლორზე.
რაჭაში ჩამოსხმული მტკნარი წყალი "იწა" ექსპორტზე ჩინეთსა და ერაყში გავა.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" პროექტის ერთ-ერთმა მეწილემ როსტომ კობახიძემ განუცხადა, ქარხანა 5-დან 10 მილიონ ბოთლამდე მტკნარ წყალს აწარმოებს, რომლის 90% ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გავა.
პროდუქცია ბაზარზე მაისში გამოჩნდება. როსტომ კობახიძის ინფორმაციით, ქარხანა ამმბროლაურში უკვე აშენებულია. მისი მანქანა-დანადგარებით აღჭურვა კი მარტში მოხდება.
პროექტში ინვესტიციის სახით 500 ათასი დოლარი ჩაიდება.
როსტომ კობახიძე მტკნარ წყალთან ერთად ამბროლაურში რაჭული ლორის წარმოებასაც იწყებს. როგორც ის "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ქარხნის მშენებლობა ამ მიმართულებითაც დასრულებულია და წყლის მსგავსად რაჭული ლორიც მიმდინარე წლის მაისში გამოჩნდება ბაზარზე. წლიურად ქარხანა 20 ტონა ლორს აწარმოებს. ღორის ხორცს საწარმო ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძენს.
რაც შეეხება მესამე მიმართულებას, როსტომ კახიძის ინფორმაციით, ადგილზე გაიხსნება ღვინის საწარმოც. მისი თქმით, ქარხანა ფუნქციონირებას მიმდინარე წელს დაიწყებს და ღვინოსაც 2017 წლის მოსავლიდან დააყენებს.
როსტომ კახიძე პროექტების ნაწილს სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახორციელებს, ნაწილს კი კერძო ინვესტორებთან ერთად აფინანსებს.