სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია იქნება. ასევე კომისიაში შევლენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე;იუსტიციის მინისტრის მოადგილე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე – რომელიც კომისიის მდივნის პოსტს დაიკავებს,; „საქპატენტის“ თავმჯდომარე და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.
საჯარო ინტერესის დაცვის მექანიზმის გამოყენების პროცედურა იწყება კომისიის მიერ ბენეფიციარისთვის პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. პროცედურის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინება ეგზავნება ასევე უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიურ ლიცენზიანტს, თუკი კომისიისთვის ცნობილია მათი არსებობის შესახებ.
მთავრობის დადგენილებით, თუკი ბენეფიციარი სადავოდ ხდის ფაქტებს, კომისია იწყებს ფაქტების გამოკვლევის პროცესს, რა მიზნითაც, ბენეფიციარის პოზიციის მიღებიდან 20 დღის ვადაში იწვევს ექსპერტებს. ექსპერტთა რაოდენობა და მუშაობის წესი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია უფლებამოსილია, ბენეფიციარს განუსაზღვროს 14-დღიანი ვადა პატენტის გამოყენების ლიცენზიის გასაცემად სახელმწიფო დაფინანსების გამცემი ორგანოს მიერ წარდგენილ ისეთ სათანადო განმცხადებელზე, რომელსაც გააჩნია სათანადო რესურსი, მოახდინოს პატენტის ეფექტური კომერციალიზაცია. ბენეფიციარის მიერ აღნიშნულ ვადაში ლიცენზიის გაუცემლობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, თავად გასცეს ლიცენზია.