საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობა ამჟამად შეჩერებულ გეგმას განიხილავს, რაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების გაყიდვას გულისხმობს, რის მიზეზადაც არახელსაყრელი საბაზრო მდგომარეობა სახელდება. როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის პროცესი და რამდენი საწარმოა ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე? - თემაზე ’’საქმის კურსი“ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო საწარმოთა მართვის სამსახურის უფროსს გიორგი ზღუდაძეს ესაუბრა.
-ბატონო გიორგი საწარმოების სტატისტიკა როგორია და მათი პრივატიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის პროცესი როგორ მიმდინარეობს?
-დღეის მდგომარეობის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 127 საწარმოს მართავს. 2013 წლიდან აქტიურად ხორციელდება საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც მოქმედი საწარმოების პრივატიზებას გულისხმობს. დღესდღეობით 11 საწარმოს პრივატიზება განხორციელდა.
-აღნიშნული 127 საწარმოდან რამდენია ფინანსურად კარგ მდგომარეობაში და რამდენია ცუდ მდგომარეოაბში?
-127 საწარმოდან ფინანსური მდგომარეობის დადებითი მაჩვენებლით 66 საწარმო ხასიათდება, ხოლო დანარჩენი საწარმოების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის სტატისტიკით დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე 30 საწარმოს მინიმიზაციის პროცესი განხორციელდეს.
-თავად პროცესის მიმდინარეობაში გამჭვირვალობა რამდენად არის უზრუნველყოფილი?
-საწარმოთა ოპტიმიზაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მოგეხსენებათ, რომ საწარმოთა მინიმიზაციის პროცესში, რაც საწარმოთა ლიკვიდაციას, გაკოტრებასა და შერწყმას გულისხმობს ცალკეული უწყებებია ჩართული, კერძოდ, ცალკეული უწყებებიდან ხდება კონკრეტული ინფორმაციის მოძიება. მაგალითად, შემოსავლების სამსახურიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროდან, საჯარო რეესტრიდან. ამასთან, უშუალოდ გაკოტრების პროცესთან დაკავშირებით განცხადების სასამართლოში წარდგენა ხდება და შემდეგ უკვე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მარეგისტრირებელ ორგანოში ატვირთვა და რეგისტრაცია. საწარმოთა პრივატიზების პროცესს რაც შეხება, ეს კონკრეტული დაინტერესების საფუძველზე ხდება. სააგენტო საპრივატიზებო დოკუმენტების მომზადებას და ასევე კონკრეტული საწარმოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის საპრივატიზებო-საბაზრო ღირებულების განსაზღვრას ახდენს.
-სახელმწიფო საწარმოების მართის და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის დასკვნას გავეცანით, სადაც რეკომენდაციების ნაწილში ერთ-ერთი საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის ე.წ. დუალისტურ მოდელზე გადასვლაა, დღეს რა მოდელით მუშაობს ქონების მართის სააგენტო?
-როგორც ცნობილია, სამეწარმეო პრაქტიკაში კორპორაციული მმართველობის სამი მეთოდი არსებობს. ეს არის ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, დეცენტრალიზებული მმართველობის სისტემა და დუალისტური მმართველობის სისტემა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ცალკეული საწარმოების მართვის უფლებით ცალკეულ უწყებებზე გადაცემა განხორციელდა. ამჟამად არსებული პრაქტიკის საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დუალისტურ მეთოდს ახორციელებს. ამ ეტაპზე ეს მეთოდი მკვეთრად გამოხატული არ არის. სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის აუდიტში მითითებული იყო რეკომენდაცია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საწარმოთა მართვის კუთხით ცენტრალიზებული მეთოდი უნდა გამოიყენოს. ჩვენი მიდგომა შემდეგია: ადრე თუ გვიან, გარკვეულ ეტაპზე საწარმოთა მართვის კუთხით მოხდება უშუალოდ მათთვის უფლებით გადაცემული საწარმოების უშუალოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მართვაში დაბრუნება, თუმცა ეს არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ მართვის უფლებით გადაცემული საწარმოების მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩარევის გარეშე ხდება.