Home
Category
TV Live Menu

"სახელმწიფომ, ისეთი ბაზრის ჩავარდნები უნდა დააფინანსოს, სადაც კერძო ბიზნესის ან ბანკის შემოყვანის ალბათობა არაა"

578d122367e95
BM.GE
18.07.16 21:23
1375
საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ მთავრობის დავალებით პროექტის - "სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამა“ განხორციელება დაიწყეს. რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ სტარტაპების დაფინანსება და რას მოელის ის პროექტიდან - თემაზე გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა საუბრობს.

- სანამ სახელმწიფო თვითონ მოირგებდა ე.წ. ენჯელ ინვესტორის როლს, თუ მოძებნა მან ნამდვილი ენჯელ ინვესტორები და ვენჩურული ფონდები?

- საპარტნიორო ფონდი თავისი მანდატის მიხედვით, პროექტში მუდმივად არასდროს რჩება. ჩვენ დღესაც გარკვეული დროით შევდივართ სხვადასხვა პროექტებში იმ პირობით, რომ ამ პროექტს დავტოვებთ და ჩვენივე კერძო პარტნიორი ან ახალი კერძო ინვესტორი ჩაგვანაცვლებს. სწორედ ამ ნიშნით ვართ შერჩეული „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ამოცანა არ არის, რომ ენჯელ ინვესტორებს და ვენჩერულ ფონდებს ჩაენაცვლოს. ეს მთლიანობაში კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, მაგრამ სახელმწიფო და ამ შემთხვევაში ჩვენი შვილობილი, ერთგვარი ხიდის როლს ითამაშებს. ჩვენ ენჯელ ინვესტორის როლსაც არ ვასრულებთ, ეს არის ერთგვარი სიდ კაპიტალია, ანუ დაფინანსების საერთოდ საწყისი სტადიაა და თანხაც შესაბამისია - მაქსიმუმ 100 000 ლარი თითო სტარტაპზე, რომელიც საშუალებას მისცემს ზესტაფონელ ცუკერბერგებს თუ სხვა ადამიანებს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული იდეები აქვთ, გარკვეული დაფინანსება მიიღონ იმისათვის, რომ მომავალში მათი იდეა და პროდუქტი სწორედ კერძო ინვესტორებისთვის გახდეს საინტერესო.

- რისკებს როგორ აფასებთ?

- უპირველესად, კატეგორიულად არ ვეთანხმები შეფასებას, რომ საპარტნიორო ფონდიდან ან სახელმწიფოდან რაიმე თანხა გადაყრილი იქნება. ჩვენ მკაფიოდ ვიცით რა მიზნობრიობით უნდა დაიხარჯოს ეს თანხა და ამ შემთხვევაში არა მასობრიობაზე ან რაც შეიძლება მეტ პროექტზე ვაკეთებთ აქცენტს, არამედ ხარისხიანი პროექტების გამოვლენაზე და შემდეგ ამის კერძო ინვესტორებისთვის წარმოჩინებაზე. აპრიორი ცნობილია, რომ სტარტაპები და ინოვაციური ბიზნესი რისკის მატარებელია და სწორედ ამიტომ ესოდენ რთულია ფიზიკური პირისთვის, გამონახოს საშუალება რომ თავისი იდეა მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს და მსხვილი ვენჩურული ფონდები და კერძო ინვესტორები დაარწმუნოს იმაში, რომ მათ გაიღონ ეს რისკი. შესაბამისად, სახელწიფომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ საწყის ეტაპზე ეს რისკი გარკვეულწილად თავის თავზე აიღოს და ინოვაციური იდეის მატარებელ ადამიანს ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმაროს. შემდგომში რისკი, რა თქმა უნდა, კვლავაც დარჩება, მაგრამ პროდუქტი უკვე შექმნილი, იდეაც აპრობირებული იქნება და კერძო ინვესტორის შემოყვანის ალბათობაც გაიზრდება, რაშიც ჩვენ დავეხმარებით. მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ კი არ ვენაცვლებით კერძო ბიზნესს, მის მაგივრად კი არ ვაფინანსებთ და რისკებს ჩვენს თავზე კი არ ვიღებთ, არამედ საწყის ეტაპზე ხიდის როლს ვასრულებთ. იმ 11 მილიონიდან, რომელიც გაჟღერდა დიდი ნაწილი სწორედ ცოდნას მოხმარდება და არა მარტო პროექტების დაფინანსებას. ჩვენ უფასო ტრენინგებს, ქოუჩინგს, მენტორებს ვთავაზობთ.

- რას თვლით სტარტაპად, მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?

- ჩვენი პროგრამის მიზნებისთვის სტარტაპი ეს არის ახალი კომპანია, რომელიც გამარჯვებული იდეის ავტორთან ერთობლივად შეიქმნება, რომელშიც ჩვენ როგორც პარტნიორები შევალთ. აი, ეს არის ჩვენთვის სტარტაპი, ნულიდან დაწყებული კომპანია. სახელმწიფომ ისეთი ბაზრის ჩავარდნები უნდა დააფინანსოს, სადაც დღეის მდგომარეობით ან მცირეა ან არ არსებობს კერძო ბიზნესის ან ბანკის შემოყვანის ალბათობა. ფიზიკური პირი, რომელსაც ერთი დღე გაყიდვები არ ქონია, მაგრამ საკმაოდ მწყობრი ბიზნეს იდეა და გეგმა აქვს როგორ განახორციელოს, დიდი ალბათობით დღეს დაფინანსებას ვერ მოიზიდავს საქართველოში და სწორედ ამიტომ ამ ვაკუუმში ჩავერთეთ. სახელმწიფოს როლი სწორედ ეს არის, როდესაც ბაზრის ჩავარდნაა და იქ კერძო ინვესტორი თავს იკავებს, ინოვაციური იდეების ავტორს თუნდაც მცირედი თანხით დაეხმაროს. მთელ მსოფლიოში ასე ხდება სტარტაპების ხელშეწყობა. აქ დაფინანსება ერთ-ერთი კომპონენტია და არა ერთადერთი. სწორედ ამაშია ჩვენი როლი, რომ ხელი შევუწყოთ და შემდეგ გამოვეცალოთ და დავეხმაროთ, რომ ჩვენ კერძო ინვესტორმა ჩაგვენაცვლოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day