Home
Category
TV Live Menu

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო კონკურსი დაიწყო

57222d1c7a1c7
BM.GE
28.04.16 19:30
1401
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.
 
განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 26 აპრილიდან - 27 მაისის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარადგინონ (https://app.iec.gov.ge/).

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები:

აგრარული მეცნიერებანი;
განათლება; ინჟინერია;
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
სოციალური მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
სამართალი;
არქიტექტურა;
საჯარო მმართველობა;
მენეჯმენტი.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day