Home
Category
TV Live Menu

სებ-ი: რეგულაციების რადიკალურად გამკაცრების შედეგად, შესაძლოა, დაკრედიტებამ ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლოს

5aec318455e18
თელარა გელანტია
04.05.18 14:08
1118
საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, რეგულაციების რადიკალურად გამკაცრებამ შესაძლოა, დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლება გამოიწვიოს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ანგარიშში წერია, სადაც მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ცალკე ჩანართი დაეთმო.

ცენტრალურ ბანკში მიიჩნევენ, რომ რისკების გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

როგორც ანგარიშში წერია, „მიუხედავად იმისა, რომ ახალ რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ჰქონდეს მცირე უარყოფითი გავლენა, გრძელვადიან პერიოდში მისი შედეგი ცალსახად პოზიტიურია“.

„აღნიშნული გამომდინარეობს ფინანსური სტაბილურობის იმ რისკების მიტიგაციით, რასაც ჭარბვალიანობის პრობლემა ქმნის, თუკი არ მოხდა ამ უკანასკნელის დროული პრევენცია. პასუხისმგებლიანი სტანდარტის დამკვიდრების შედეგად, ფიზიკურ პირებზე სამომხმარებლო სესხების შეზღუდვამ, შესაძლოა, მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდაზე შემცირების (არაუმეტეს მშპ-ის 0.6 პროცენტისა) მიმართულებით იმოქმედოს. თუმცა, გავლენა შესაძლოა ნაკლებად უარყოფითი იყოს, რაც დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: ა) რა მოცულობით მოხდება იმ სესხების ჩანაცვლება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს, მაღალი საკრედიტო სტანდარტების მქონე სესხებით ან/და ბიზნესზე გაცემული სესხებით; ბ) რამდენად სწრაფად გადავა არსებული ჩრდილოვანი სექტორი ფორმალურ ეკონომიკაში“, - წერია დოკუმენტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day