ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას არ ელოდებიან. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ირინა მელორავამ "საქმიან დილას" განუცხადა, ტარიფის დათვლა ლარის დოლართან მიმართებით 2,4 ნიშნულზე მოხდა და კურსის 2,5 ნიშნულის პირობებში, არსებითი ცვლილება, რომელიც სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას მოახდენს, არ იქნება.
"შარშან იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი დავთვალეთ ნიშნულზე 6.5 დოლარ-ცენტი, ამის საფუძვლად გვქონდა ყველა ის მოქმედი კონტრაქტი, რომელიც კომისიაში იქნა წარმოდგენილი. დღეს თუ ჩვენ საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულებას ვნახავთ, სადაც იმპორტირებული ელექტროენერგია შედის, - 6.5 ცენტის ნიშნულზე იმპორტირებული ელექტროენერგია არ ასულა, რადგან იმ პროცესების გათვალისწინებით, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ხდება, იმპორტის ასეთი ზრდა, როგორც ჩვენი პროგნოზი იყო გაკეთებული არ მომხდარა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაიმე არსებითი მოლოდინები არ გვაქვს.
2015 წელს ჩვენ ტარიფი გავზარდეთ არა წლის ბოლოს სტანდარტულად, არამედ შუა წელში, რადგან მაშინ შუა წელში დაიწყო ლარის მკვეთრი ცვლილება და 1.75 ნიშნულიდან 2.3-მდე გაიზარდა. ჩვენ ვალდებულებიც ვიყავით, რომ ამ პროცესში სწრაფად ჩავრეულიყავით. არ მგონია ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენ კომპანიებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ წლის ბოლოს არ დაელოდონ, შუა წელში მოვიდნენ და ტარიფის გადახედვა მოითხოვონ. მათ ამის საშუალება აქვთ, რაც ჩვენს ინტერესშიც არის.
ტარიფი არ არის მხოლოდ კურსი, იმპორტირებული ელექტროენერგია და მხოლოდ თბოელექტროსადგური. მაგალითად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" შემთხვევაში ჩვენ დაახლოებით 55 კონტრაქტს ვუყურებთ. ეს ამ კომპანიის კონტრაქტებია ელექტროენერგიის შესყიდვაზე. 24 წარმოების ლიცენზიანტი გვყავს, გამანაწილებელი კომპანია მხოლოდ 3-ია. ამ გამანაწილებელ კომპანიებს ელექტროენერგიის შესყიდვა პირდაპირ ჰესებიდან შეუძლიათ და ასეთი თუ არ მეშლება 55-მდეა. ამიტომ 55 კონტრაქტს ვუყურებთ. ერთი ნაწილია კურსი და იმპორტი, მაგრამ არის იქ თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, დერეგულირებული, ახალაშენებული და ა.შ. ამიტომ ტარიფი საკმაოდ რთული კონსტრუქციაა და ამაზე მსჯელობა უკვე საჯარო სხდომებზე გვექნება“, - განაცხადა მილორავამ.