ირინა მილორავას განცხადებით, ბოლო პერიოდში სემეკმა რამდენიმე კომპონენტი განიხილა, რომლებიც საბოლოოდ, სამომხმარებლო ტარიფებზე გაიზარდა.
"თბოელექტროსადგურების ტარიფიები გაიზარდა, თუმცა გარანტირებული სიმძლავრის საფასური შემცირდა. ანალოგიურად ტარიფები გაიზარდა „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ კასკადისთვის, თუმცა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჰესების ტარიფები შემცირდა, რადგან გაზრდილია ამ ჰესებზე გენერაცია, რაც ბუნებრივად აისახება ტარფიებზე", - განაცხადა მილორავამ.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რატომ გაითვალისწინა ახალ ტარიფებში სემეკმა ეროვნული ვალუტის გავლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2.50 თეთრიან ნიშნულზე.
„ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო იმის გათვალისწინებით, რომ ეს კურსი არის ასახული ბიუჯეტის პროექტში და წინა ორი წლის განმავლობაში, როდესაც ტარიფებს ვთვლიდით, ასე ვიქცეოდით. უკანასკნელი კვირის ტრენდიც აჩვენებს, რომ ლარის კურსი მყარდება, მაგრამ კითხვა რჩება, რატომ გავითვალისწინეთ თბოელექტროსადგურების შემთხვევაში 2.78 თეთრი? - ეს იყო კომისიის მხრიდან ძალიან სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება, რადგან განსხვავებით საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებისგან განსხვავებით, პირდაპირ და უშუალოდ არიან დამოკიდებულები ვალუტის კურსზე. დეკემბერში გამომუშავება უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ ბუნებრივი გაზის საფასური მიმდინარე კურსით უნდა გადაიხადონ. ამის გათვალისწინებით, ჩვენ რისკის ქვეშ არ დავაყენეთ ამ საწარმოების საქმიანობა, რადგან მათ ბუნებრივი გაზის შესყიდვაში პრობლემა აუცილებლად შეექმნებოდათ", - განმარტა მილორავამ.
რაც შეეხება იმ საკითხს, "თელასისა" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლების უკმაყოფილება ახალ ტარიფებთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა აბონენტების მომსახურების ხარისხზე აისახოს, ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
"არცერთ შემთხვევაში არ შეხებია კომისია იმ საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ამ ორმა კომპანიამ წარმოადგინა. 2016-2017 წლისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმოდგენილი აქვს 81 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე მახსოვს, ყველაზე მაღალია. "თელასის" შემთხვევაში დაახლოებით 45 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიციის წარმოდგენა მოხდა. ეს პროექტები მკაცრად გაკონტროლდება კომისიის მიერ და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპანიები ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაჩვენებლებს არ გააუარესებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, თუ კომპანიები უფრო დიდი მოცულობის საინვესტიციო გეგმებს, სემეკი მზადაა, ეს ფაქტორი სამომხმარებლო ტარიფში გაითვალისწინოს.