Home
Category
TV Live Menu

სემეკში მაია მელიქიძის გადასვლის გამო კომისიის წევრად არჩევის კრიტერიუმების გამკაცრებას ითხოვენ

59f174b3be989
დავით ჯალაღონია
26.10.17 10:00
649
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოსის რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრს მაია მელიქიძეს ენერგოსექტორის მარეგულირებლ ორგანოში კომისიის წევრად მუშაობისთვის შესაბამისი გამოცდილება და განათლება არ აქვს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, დეპუტატმა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც სემეკის წევრად არჩევის ახალ კრიტერიუმებს გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად კომისიის წევრი შესაძლოა, მხოლოდ ათწლიანი გამოცდილების მქონე, ამავე დარგის სპეციალისტი იყოს.

„ამ კანონპროექტის დაწერის მოტივაცია ერთადერთია, რომ რაიმე სუბიექტური მოსაზრებით არ იყოს არჩეული, ან დანიშნული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად არასათანადოდ მომზადებული კადრი. ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ არის ეს ინიციატივა წამოსული ჩემი მხირდან. მე ეს კანონპროექტი მოვამზადე მას მერე, რაც ბოლოს იქნა გადაწყვეტილება მიღებული კომისიის წევრად ერთ-ერთი პიროვნების არჩევისა, რომელსაც ახლოსაც არ გაუვლია ენერგეტიკასთან. მაია მელიქიძეზე ვლაპარაკობ. ასეთები სხვა დროსაც იყო, მაგრამ მაშინ მე საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ მქონდა, თუმცა ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი გაზის სექტორი და წყალმომარაგება მეტად რთული დარგებია. სემეკი არ არის პოლიტიკური ორგანო, ეს სუფთა პროფესიონალური ორგანოა - სემეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ლიცენზიების პირობების დადგენა და გაცემა, ასევე ამ პირობების კონტროლი და როდესაც სემეკის წევრებიდან, მაგალითად დღეს რომ ავიღოთ, არცერთი არ არის ენერგეტიკოსი, არც წყალმომარაგების, არც გაზმომარაგების სპეციალისტი, ძალიან რთული იქნება ხარისხიანი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, დღეს სემეკში ძალიან ძლიერი ენერგეტიკული, წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების დეპარტამენტებია, მაგრამ მათი მომზადებული მასალების კრიტიკული შეფასება უნდა შეეძლოს კომისიის წევრებს, რომელთა ხელმოწერითაც ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა არველაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ახალი კრიტერიუმების გაწერა ასევე დაკავშირებულია თუ არა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის მიხედვით თბილისის მერი დავით ნარმანია სამომავლოდ შესაძლოა, სემეკის წევრად წარადგინონ, რევაზ არველაძემ პასუხად განაცხადა, რომ მისი კანონპროექტი ნარმანიასთან კავშირში არ არის.

„არავითარ კავშირში ეს ბატონ ნარმანიასთან არ არის“, - აღნიშნა არველაძემ და დასძინა, რომ თუ ნარმანია მართლაც წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრობის კანდიდატად და აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელს შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს, იგი მას მხარს არ დაუჭერს.

„თუ ნარმანია ამ სპეციალობის არ არის, მე რა თმა უნდა წინააღმდეგი ვიქნები“, - განაცხადა დეპუტატმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა „საქმის კურსთან“ აღნიშნა, რომ სემეკის მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე შენიშვნები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ელექტროენერგეტიკაში მოქმედ ე.წ საფეხურებრივ ტარიფებს ეხება.

„საფეხურებრივი ტარიფები ჩემი აზრით, უფრო მთავრობის გადაწყვეტილება იყო და არა რაიმე ეკონომიკურ, ან ტექნიკურ გაანგარიშებაზე დაყრდნობილი. ეს ვიღაცის მოსაზრება იყო, რომ მდიდარი უფრო მეტს უნდა იხდიდეს. ასეთი გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ წრეებში ვერ გავა, რადგან პროფესიონალისთვის სულ ერთია, გამსახურდია იქნება ხელისუფლებაში, შევარდნაძე, თუ ნებისმიერი სხვა - ის თავის საქმეს აკეთებს, უყვარს და უკან არ დაიხევს, რაც არ უნდა დიქტატი იყოს მასზე წამოსული. როდესაც კარგად ვერ ერკვევა ადამიანი, მისი შეცდომაში შეყვანა უფრო იოლია“, - განმარტა არველაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტარიფების დიფერენცირების არსებული მიდგომის დაწესება ა.წ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ინიციატივა იყო.

„მე როგორც ვიცი, ეს იყო ბატონი კახა ბენდუქიძის წინადადება - რომ ვისაც უჭირს ცოტა გადავახდევინოთ, რადგან ის ცოტას ხმარობს. ვინც ძალიან ცოტას მოიხმარს, ის ელექტროენერგიას მხოლოდ დილა-საღამოს ხარჯავს, როდესაც ყველაზე ძალიან უჭირს ენერგოსისტემას და ყველაზე ძვირია ელექტროენერგია. გამოდის, რომ ყველაზე ძვირ ელექტროენერგიას ყველაზე იაფად ვყიდით. აქედან გამომდინარე, როგორც ეკონომიკურად, ისე ტექნიკურად, ენერგეტიკული სისტემისთვის ეს მისაღები არ არის“, - მიიჩნევს ენერგეტიკოსი დეპუტატი.

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კომისიის წევრებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

„კომისიის წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება“, - წერია მოქმედ კანონში.

შეგახსენებთ, რომ მაია მელიქიძე პარლამენტმა სემეკის წევრად 2017 ივლისიდან დაინიშნა. 2016-2017 წლებში იგი ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა. ამ ეტაპზე სემეკს ორი წევრი ჰყავს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონით დასაშვებია 5 წევრი.

Subscribe to our news

Get the main news of the day