2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 126.2 მლნ ლარით გაიზარდა და 16.12 მლრდ ლარს გაუტოლდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 5.1 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 6.9 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გამოსახული სესხების მატებამ. სექტემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 69.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 39.7 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 143.9 მლნ ლარით (2.5 პროცენტით) გაიზარდა და 5.86 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 84.2 მლნ აშშ დოლარით (1.8 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.53 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 57.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.4 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების დაკრედიტების კლებით არის გამოწვეული.
სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები 52.2 მლნ ლარით შემცირდა და 369.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 44.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.