საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მომზადებული კანოპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას შეეხება.
პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე.
სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
„სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს "გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება. ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს“, - განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.
ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი - მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება.
გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.