"ხელშეკრულებაში ფასი შეგვიძლია დავაფიქსიროთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვსურს", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ალავერდაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რეკლამის შესახებ კანონის განხილვა მოხდა, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების ფასის გამოქვეყნების ვალდებულება ლარში იქნება.
"ძალიან კარგი ამ შეხვედრიდან იყო ის, რომ გაირკვა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ ტურისტულ კომპანიას და სასტუმროს იმავენაირად შეუძლია გააგრძელოს, როგორც აქამდე აკეთებდა, - იმ ვალუტაში რომელშიც სურს.
ყველაზე მეტი ნერვიულობა ტურისტულ კომპანიებს და სფეროს წარმომადგენლებს გვქონდა იმაზე, თუ რა ბედი ეწეოდა ხელშეკრულებებს, საზღვარგარეთიდან მოსულ კლიენტებთან შემთხვევაში, რომელთანაც გრძელვადიანი ხელშეკრულება გვაქვს.
ძალიან კარგია, რომ ხელშეკრულებაში ფასი შეგვიძლია დავაფიქსიროთ იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც გვსურს.
ამასთან, შეხვედრაზე მოისმინეს ჩვენი წუხილი ონლაინ მარკეტინგთან დაკავშირებით, - ჩაიწერეს, გაიაზრებენ და რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგი თუ რა მიმართილებით უნდა წავიდეთ.
ონლაინ მარკეტინგისთვის და დაჯავშნისთვის ჩვენი აზრით მიუღებელია რაიმე კონტროლის დაწესება.
შიდა ბაზარზე ვთანხმდებით და ეროვნული ბანკიც დაინტერესებულია რომ ქვეყანაში მეტი დოლარი შემოვიდეს“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.