Home
Category
TV Live Menu

შანხაის უმსხვილესი კორპორაცია CEFC China საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს

57979d837e7fb
BM.GE
26.07.16 21:25
1091
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის უმსხვილესი კორპორაციის CEFC China-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა. შეხვედრა შანხაიში ჩინური კორპორაციის შტაბ–ბინაში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ყურადღება გაამახვილა ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით. მისი განცხადებით, ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ კი - მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. გაირკვა, რომ შანხაის უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China“-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში „CEFC China“-ი დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ღირსეულად იქნას წარმოდგენილი შანხაის რეგიონის ღვინის ბაზარზე, რომელიც ამ პროდუქტის ერთერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელია.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგი ქვეყნებს შორის ამ საკითხზე წარმატებულად მიმდინარეობს და მისი გაფორმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day