"დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელება საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მთავრობის დავალებით უკვე დაიწყო. სპეციალურად ამ პროგრამისთვის უკვე შეიქმნა საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია "სტარტაპ საქართველო“. პროგრამის მოდელი ასეთია - „სტარტაპ საქართველოსგან" თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. განმცხადებლის ფულადი თანამონაწილეობა კი პროექტის მთლიანი ფულადი ბიუჯეტის სულ მცირე 10%–ს უნდა შეადგენდეს.
რამდენად სწორია სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების პირდაპირ დაფინანსების მოდელი? რამდენად წარმატებულად შეუძლია სახელმწიფოს იყო ე.წ. „Angel investor“? როგორია საერთაშორისო გამოცდილება და ზოგადად, რა რისკები ახლავს თან ამ პროგრამას? - აღნიშნული კითხვებით "ბიზნესკონტრაქტმა“ კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომლებსაც პრაქტიკული შეხება აქვს სტარტაპებთან.
კომპანია "Your Forest“ ფინანსური დირექტორი და რამდენიმე კვირის წინ "სიდ სტარსის" სტარტაპების კონკურსში ფინანსების საკითხებში ერთ-ერთი მენტორი და კონსულტანტი ირაკლი ერაძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, კარგია, რომ მთავრობას სტარტაპებს ყურადღებს აქცევს, მაგრამ მისი აზრით, უკეთესი იქნებოდა სახელმწიფოს ეს თანხები არა მათი პირდაპირი დაფინანსებისკენ მიემართა, არამედ დახარჯულიყო ქართველი სტარტაპერების ტრენინგებისთვის, ენჯელ ინვესტორებთან კონტაქტების დამყარებისთვის, მოეწვიათ ვენჩურული ფონდები და მათთვის გაეცნოთ სტარტაპები.
"ჩემი ზოგადი მიდგომებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდ მინუსად მიმაჩნია ის, რომ არ შეიძლება სახელმწიფო იყოს თავისუფალი ბაზრის მოთამაშე. თვითონ სტარტაპების ხასიათი, მისი ფქისოლოგია ძალიან რისკიანი რამეა. თვითონ ვენჩურული ფონდები და ენჯელ ინვესტორებიც ძალიან სკრუპულოზურად არჩევენ რომელ სტარტაპში დააბანდონ თანხა. ზოგადი სტატისტიკაც გვეეუბნება, რომ 90% წამგებიანია და პირველ წელსვე ან მეორე წელსვე კვდება“, - აცხადებს ერაძე.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ მიცემული ფული აზარმაცებს ყველა ბიზნესს და მათ შორის სტარტაპებსაც. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თუ სტარტაპი საინტერესოა და ნოვაციაა, ის დაფინანსების წყაროს აუცილებლად იპოვის. „ბიზნესკონტრაქტთან“ ინტერვიუში ერაძემ მაგალითად, „სიდსტარის“ კონკურსი მოიყვანა, სადაც ერთ-ერთი სტარტაპით პირადად დაინტერესდა და ეძებს მისთვის დაფინანსებას.
"ბიზნესკონტრაქტი“ ასევე ესაუბრა გოჩა ნიკოლაიშვილს, რომელიც საქართველოში შვეიცარული ორგანიზაცია „სიდსტარსის“ წარმომადგენელია. ესაა კომპანია, რომლის ინტერესის სფეროს განვითარებად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ქვეყნებში სტარტაპების აქსელერაცია და მათში ინვესტირება წარმოადგენს. როგორც გოჩა ნიკოლაიშვილმა მოგვიყვა, წელს „სიდსტარსმა“ ჩაატარა კონკურსი, რომელშიც 50 სტარტაპი მონაწილეობდა და „ტრიპექსმა“, რომლის გუნდი 2017 წელს უკვე შვეიცარიაში გაემგზავრება და იქ სხვა 65 ქვეყნის ჩემპიონებს შეეჯიბრება 500 ათასი დოლარის მოსაპოვებლად.
"თვითონ „ტრიპექსი“ არის ვებ და მობილური აპლიკაცია, რომლის გამოყენებითაც კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევაში, ერთ პროდუქტზე და კონკრეტულ მოცულობაზე ირგვება ერთი ხე და შეიძლება ამ ხის დისტანციურად დათვალიერება, მონიტორინგი. სიტყვაზე, ჩემს სახელზე რომ ხე დაირგვება, შემეძლება ამ აპლიკაციის საშუალებით ვნახო სად არის, როგორ იზრდება და ა.შ.“, - ამბობს გოჩა ნიკოლაიშვილი.
რაც შეეხება უშუალოდ „სტარტაპ საქართველოს“ შეფასებას, გოჩა ნიკოლაიშვილის აზრით, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამით შეიძლება მთავრობამ გარკვეული მაგალითი მისცეს კერძო სექტორს ვენჩერებში ინვესტირებით, მაგრამ მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფო თანხები ურო ეკოსისტემის შექმნას მოხმარებოდა. ბიზნესმენის შეფასებით, ეს პროგრამა ბიზნესშედეგს სავარაუდოდ ვერ დადებს, მაგრამ დარჩება ცოდნა და გამოცდილება. საბიუჯეტო თანხების პირდაპირი ინექციის გზას სკეპტიკურად უყურებს ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრის - "ჯეოლაბის" რექტორი სანდრო ასათიანიც. მისი თქმით, განვითარებული ქვეყნებიც ხელს უწყობენ სტარტაპების წახალისებას, მაგრამ იქ ძირითად ფულს დებს არა სახელმწიფო, არამედ - ვენჩურული ფონდები.
"სტარტაპებში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა არის ისრაელი. როცა ისრაელის მთავრობამ სტარტაპების სტიმულირება გადაწყვიტა, მან თქვა - რომ თუ ბიზნესი ჩადებს 1 მანეთს, მე მეორეს დავუმატებ ანუ გაგიორმაგდება ეს ფული. რადგან ბიზნესს სახელმწიფო ფულის გარდა, თავისი ფულის ჩადებაც უწევს, ამიტომ ასჯერ აწონის, სანამ რაღაც ნაბიჯს გადადგამს. ჩვენთან სტარტაპების ამ ფორმით დაფინანსება ცოტა საფრთხის შემცველია, რადგან 90%-ს დებს სახელმწიფო და 10%-ს - სტარტაპი“, - აცხადებს სანდრო ასათიანიც.
ამასთან, გოჩა ნიკოლაიშვილის აზრით, ეს პროგრამა მომგებიანი იქნება სტრატაპებისთვის, რადგან გამოიყენებენ როგორც დამატებით შესაძლებლობას. „მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში სტარტაპები არ არიან მზად ფინანსების ასე აქტიურად მიღებისთვის, რაც გამოიწვევს იმას, რომ ეს სტარტაპები დიდი ვარაუდით ვერ გადაიქცევიან მდგრად წარმატებულ ბიზნესებად“, - ამბობს ნიკოლაიშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ „ბიზნესკონტრაქტის“ რესპონდენტები ამ ეტაპზე საბიუჯეტო თანხებით სტარტაპების პირდაპირ დაფინანსებას არ იწონებენ, ჩვენ მათ ვკითხეთ - შეიძლება თუ არა, სახელმწიფომ "ენჯელ ინვესტორობა“ იმიტომ გადაწყვიტა, რომ კერძო ბიზნესი და ვენჩურული ფონდები ამ ეტაპზე ქართული სტარტაპებით ვერ დააინტერესა. მათი მოსაზრებები ასეთია:
ირაკლი ერაძე: "არ ვიცი, ალბათ არ უცდიათ ან სცადეს და არ გამოვიდა. შეიძლება უნდათ, ვენჩურულ ფონდებს აჩვენონ, რომ ისინი ზრუნავენ ამ საკითხზე და მომავალში იგეგმება ამით მიიქციონ იმ ფონდების ყურადღება; მაგრამ ამისთვის 11 მლნ და შემდეგ 35 მლნ ლარის ბიუჯეტიდან გადაყრა მიზანშეუწონლად მიმაჩნია“.
სანდრო ასათიანი : "ამ ეტაპზე სხვა არავინ ჩადებდა სტარტაპებში ფულს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს წარმატების მაგალითი. მაგალთად, ესტონეთში აქვთ „სკაიპი“ და ყველას ეს აკერია პირზე, რომ სამმა ახალგაზრდამ რაღაც გააკეთა და მერე მილიონებად გაყიდეს... ამ შემთხვევაში, მარტო ფული არაა გადამწყვეტი. ჩემიაზრით, რაც გვაკლია, ესაა ბევრი სხვადასხვა ადგილი, სადაც ადამიანებმა რომლებიც ამითაა დაინტერესებული, მიიღოს ცოდნა. ჩვენ ხომ არ ვიციით, სად შეიძლება გაჩნდეს ნიჭიერი ადამიანი. შეიძლება, ცუკერბერგის პოტენციალის მქონე ადამიანი ცხოვრობს ზესტაფონში, მაგრამ არანაირი შანსი არ აქვს იმისა, რომ თავისი თავი გამოავლინოს“.
ცნობისთვის: საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის გაცნობის მიზნით მოსახლეობისთვის პრეზენტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს. 17 ივნისიდან დაიწყო სტარტაპ განაცხადების მიღებაც, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტომ კი განაცხადების მიღება გუშინ დაასრულა.