საქართველოში "სიტროენის" ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა. კომპანიამ უწყებაში საჩივარი გუშინ შეიტანა.
"სიტროენი" კონკურენციის შესახებ კანონის 2 მუხლის დარღვევაზე მიუთითებს, ესენია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 და მე-10 მუხლები. ერთი მხრივ, კომპანია ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვებისას კარტელურ შეთანხმებაზე ჩივის, ხოლო მეორე მხრივ, "სიტროენი" სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებს კონკურენციის შეზღუდვაში.
კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების თაობაზე ერთი თვის ვადაში მიიღებენ. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ სარჩელში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ არის სარჩელი შეტანილი „სიტროენის“ მიერ.
რამდენიმე დღის წინ კომპანია „სიტროენმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბრობდა, რომ საქართველოში სხვადასხვა კომპანიები, შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას, ამასთან სახელმწიფო ტენდერებში კომპანიები შეთანმხებულად მოქმედებენ და არ შედიან ერთმანეთთან კონკურენციაში. მოგვიანებით „სიტროენის“ ბრალდება ავტოიმპორტიორებმა უარყვეს.
კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს გარდა საჩივარი შეიტანა შესყიდვების სააგენტოშიც.