შპს "დიდი დიღომის" კომერციულ მომხმარებლებს 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი დაახლოებით 3 თეთრით გაუძვირდა.
როგორც კომპანიის დირექტორმა ჯემალ წერეთელმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, 2016 წლის ნოემბერში კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის საცალო ტარიფი 1.10 ლარი იყო, დეკემბერში კი 1.13 ლარი გახდა.
"ტარიფი დამოკიდებულია მომწოდებელზე - "ყაზტრანსგაზზე", რომელიც ანგარიშობს ასე: როგორც კი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.83-ს აცდება, 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება იანგარიშება 300 დოლარით, საქართველოს ბანკის კურსით, თვის ბოლო დღეს. ასე რომ, საანგარიშო თვეში არ ვიცით რა იქნება ტარიფი, თვის ბოლოს კი საქართველოს ბანკის კურსით დავიანგარიშებთ“, - განმარტა წერეთელმა.
რაც შეეხება თავად კომპანიის დანახარჯებს, ჯემალ წერეთლის ინფორმაციით, თუ იგი ნოემბერში 1000 მ3 ბუნებრივი აირის შესაძენად "ყაზტრანსგაზს" 955 ლარს და 139 თეთრს უხდიდა, დეკემბერში უკვე 995 ლარი და 849 თეთრი გადაიხადა. კიდევ უფრო დიდი სხვაობაა 2015 წლის დეკემბერთან შედარებით, როცა კომპანიას 1000 მ3 ბუნებრივი აირი 900 ლარი და 269 თეთრი დაუჯდა.