Home
Category
TV Live Menu

შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" საკონტროლო პაკეტს სავარაუდოდ, სახელმწიფო დაიტოვებს

59646e25557ef
დავით ჯალაღონია
11.07.17 10:19
773
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ საკონტროლო პაკეტს სავარაუდოდ, სახელმწიფო დაიტოვებს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა, თუმცა ამ გადაწყვეტილების დეტალურ მიზეზებზე ვერ ისაუბრა, რადგან ავტორი, მისი ინფორმაციით, მთავრობის ეკონომიკური გუნდია.

"ჯერ-ჯერობით ასე ვფიქრობთ, რომ საკონტროლო პაკეტი დარჩება ჩვენი პარტნიორების - ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მფლობელობაში, დანარჩენი კი გასხვისდება და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, რომ აქცია შეიძინოს. მართვის სისტემა გარკვეულწილად რა თქმა უნდა, ჩვენზე იქნება, რადგან საკონტროლო პაკეტი ჩვენი იქნება“, - განმარტა ყაზარაშვილმა.

მისი აზრით, ჯერ-ჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ რა ნომინალური ღირებულების, ან ვადიანობის იქნება ეს აქციები და რა რაოდენობით გამოივა.

"ეს მას შემდეგ გვეცოდინება, რაც საკონსულტაციო კომპანია გვეყოლება, რომელიც შპს-ს სააქციო საზოგადოებად გადაწყობის პროცესს მოახდენს. ამ ეტაპზე ფონდისა და კორპორაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ტექნიკური დავალების მომზადებაზე მუშაობს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო შესყიდვების კანონის თანახმად, აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება. სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს მონახაზი გვექნება, რა მიმართულებით მივდივართ და როგორ გამოვაცხადებთ ტენდერს. ზუსტ ვადებზე გვიჭირს საუბარი", - აღნიშნა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიაა. მიმდინარე წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქარის სადგურის გაყიდვა აუქიონის წესით იგეგმებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day