მიმდინარე წლიდან შრომის ინსპექცია კომპანიებში უსაფრთხოებასთან ერთად შრომით უფლებებსაც შეისწავლის,- ამის შესახებ bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. მისი თქმით, მოხდება თანამშრომლებთან გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა. კერძოდ გამოვლინდება, რა მიმართულებით არის დარღვევა, შეიძლება იყოს შვებულების, ზეგანაკვეთური საათების თუ დეკრეტული მიმართულებით.
"პრინციპი იქნება იგივე, ჩვენ დავუგზავნით კომპანიებს შეტყობინებას და თანხმობის შემთხვევაში კომპანიაში შევლენ ინსპექტორები და შეისწავლიან როგორც კომპანიის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე შრომით უფლებებსაც. კომპანიებს შემდეგ გონივრულ ვადაში პრობლემის გამოსწორების საშუალება მიეცემათ“,- განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.
შრომის ინსპექციამ 2015 წლიდან, დაარსებიდან 600-ზე მეტი კომპანია შეამოწმა , საიდანაც ჯგერენაიას თქმით, დარღვევების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი თქმით, 60%-მა დაიწყო პრობლემების გამოსწორება, 10%-მა სრულიად გამოასწორა, დანარჩენმა კი შენიშვნები რეაგირების გარეშე დატოვა.
"ვინაიდან კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჯერ არ არის მიღებული, ჩვენს შენიშვნებს რეკომენდაციული ხასიათი აქვს. კომპანიების ხელმძღვანელობას სურს, რომ სანამ ჯარიმები ამოქმედდება პილოტურ რეჟიმში აღნიშნული ხარვეზები გამოასწორონ“,- განაცხადა ჯგერენაიმ
2018 წელს შრომის ინსპექცია 400-მდე კომპანიის შემოწმებას გეგმავს. შრომის უსაფრთხოებაზე ბიუჯეტიდან 910 000 ლარი დაიხარჯება.