Home
Category
TV Live Menu

შრომითი დავების განხილვა ჭიანურდება

5a7be5dd98fdc
მეგი კავთუაშვილი
08.02.18 09:52
759
2013-2017 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში 2496 შრომითი დავა მიიღო. საქმეების 40% სამსახურიდან გათავისუფლების მოტივით აღიძრა. 34% - შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს, 5%-მა სასამართლოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ხელყოფისთვის მიმართა, დანარჩენი დავები კი სხვადასხვა გარემოებებს ეყრდნობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვაჭრობისა სფეროებში დასაქმებულთა პირობები შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ხელშეკრულების გარეშე დასაქმებას, შრომის ანაზღაურების გადაუხდელობა-დაგვიანებას, არასათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ ზეგანაკვეთურ შრომას, ანაზღაურებადი შვებულების არარსებობას და საქონლის დანაკლისის გამო ხელფასის ჩამოჭრის პრაქტიკას.

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, დავები სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს, თუმცა როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, საქმის წარმოების საშუალო ხანგრძლივობა შრომით დავებზე 10 თვეს აჭარბებს.
საქმეთა თითქმის მეოთხედ შემთხვევაში (23%) დავა წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება. შესაბამისად, დღესდღეობით დასაქმებულს შრომითი უფლებების დასაცავად აქვს ორი ალტერნატივა, შრომის ინსპექცია, რომლის საქმიანობაც არ ვრცელდება შრომით უფლებებზე და სასამართლო, სადაც შრომით დავის წარმოება ხანგრძლივ პროცესებთან და დამატებით ხარჯებთან ასოცირდება. აღნიშნული გარემოება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის ხარისხზე და არსებითად ზრდის შრომის ინსპექციის ქმედითი ფუნქციონირების მნიშვნელობას.“ - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day