"საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა ვრცელდება დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზეც. ბიზნესომბუდსმენის აპარატი აღნიშნული მუხლის ამოღებას ითხოვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სადისტრიბუციო ბიზნესისთვის პრობლემებს შექმნის. როგორც ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ქალაქში არასაკმარისი საპარკინგე ადგილების გამო, დისტრიბუციის მანქანები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სწორ პარკირებას, რის გამოც ჯარიმდებიან. ზურაბ ძნელაშვილის თქმით, თუ დგომა-გაჩერების წესზე 100 ქულიანი სისტემა გავრცელდება, შესაძლებელია დისტრიბუტორები მართვის უფლების გარეშე დარჩნენ.
ბიზნესომბუდმენა აღნიშნული საკითხი 100 ქულიანი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დასვა, სადაც განხილვებს შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ესწრებოდა. "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე, რამდენად შეიძლება გაზიარებულ იქნას ბიზნესომბუდსმენის აპარატის წინადადება, ხუციშვილმა განაცხადა, რომ განიხილავენ, რომ ქულათა სისტემის გამო დისტრიბუტორები არ დარჩნენ სამსახურის გარეშე.
"ჩვენ განვიხილავთ, რომ დგომა-გაჩერებაზე ქულათა სისტემა მაქსიმალურად ისე იყოს, რომ დისტრიბუტორები არ დარჩნენ სამსახურის გარეშე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.