შინაგან საქმეთა სამინისტროში ტენდერების თითქმის 50% ჩატარდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უმეტეს შემთხვევაში არ შეცვლილა,- ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც უწყების 2016 წლის მონაცემებს იკვლევს.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ერთმონაწილიანი ტენდერების ეს რაოდენობა მნიშვნელოვანი რისკის შემცველია, მით უმეტეს, რომ სამინისტროში არსებობს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად განსაზღვრის (ბაზრის კვლევის ჩატარებასთან) დაკავშირებული პრობლემა.
"უკონკურენტოდ ჩატარებული ტენდერების შერჩევითი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ჯამური სავარაუდო ღირებულება მხოლოდ 2.2%-ით შემცირდა, მაშინ, როდესაც მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებულ ტენდერებში თითქმის 50 %-იანი ეკონომია იქნა მიღწეული. სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერებში პრეტენდენტთა სიმცირე, ან საერთოდ ტენდერის ჩაშლა, ზოგიერთ შემთხვევაში განპირობებულია სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული არაპროპორციული საკვალიფიკაციო მოთხოვნებითა და სანქციებით, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ტექნიკური პარამეტრების ზედმეტად დეტალიზებით და შესყიდვების წინამოსამზადებელი სამუშაოების არასათანადო წარმართვით. შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზები საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური და არაპროდუქტიული ხარჯვის მომეტებულ რისკებს წარმოშობს",- ნათქვამია დოკუმენტში.