შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმებს, ჯავშანჟილეტებსა და აქსესუარებს ქართული ტექსტილის მწარმოებელი კომპანია ამზადებს. კომპანია "ელსელემას" დამფუძნებელი ელგუჯა მამასახლისი "საქმიან დილასთან" საუბრისას ამბობს, რომ პროექტამდე ცნობილ შვეიცარიულ კომპანია "ქამელეონთან" თანამშრომლობით მივიდნენ.
უახლოეს პერიოდში კომპანია თბილისის შემდეგ, კიდევ ერთ საწამოს ლანჩხუთში ხსნის. ადგილზე საწყის ეტაპზე 150 ადამიანი დასაქმდება.
"ამ ეტაპისთვის "ელსელემა" ადგილობრივ ბაზარზეც მუშაობს და ექსპორტსაც ვახორციელებთ. ჩვენი პროდუქციიდან ერთ-ერთი მთავარი ქურთუკებია, რადგან ტექნოლოგიური ხაზი ამ მიმართულებით სრულყოფილია. აქამდე მოსვლა, რა თქმა უნდა რთული იყო. ამ ეტაპზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომით, ჩვენ ბიზნესის სოციალური უზრუნველყოფის პროცესის პროექტში ვმონაწილეობთ. სამწუხაროდ საქართველოში სტანდარტებით განებივრებულები არ ვართ. მაგალითად, მსუბუქი მრეწველობის დარგებში და სხვა მიმართულებებით მუშაობა სპონტანურად გვიწევს, რაც კომპანიებისთვის მიუღებელია", - აცხადებს მამასახლისი.