უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების განმახორციელებელ შვეიცარულ კომპანია SICPA-სთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების დეტალებზე BM.GE-თან საქართველოში SICPA-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საუბრობს.
როგორც ახლო წარსულიდან გვახსოვს, მხარეებს შორის შეთანხმებას ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა კაბალური უწოდა და ითქვა, რომ დოკუმენტში ჩადებული პირობებით სახლმწიფოს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული გაეუქმებინა ან და გადაეხედა აღნიშნული შეთანხმებისთვის.
"SICPA" მსგავსი ტიპის განცხადებებზე საპასუხოდ საქართველოს მთავრობას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
"სიმართლე რომ გითხრათ, SICPA-ს მიმართ რა პირობებიც იყო, ფინანსური პირობები, არ სრულდება სამწუხაროდ. უნდა ყოფილიყო მილიარდზე მეტი მარკირება 5 ცენტად. არ სრულდება არც რაოდენობა და არც მარკირების საფასური. იყო ორი მხარის შეთანხმება, რომ უნდა ყოფილიყო ასეთი ფინანსური პირობები. სახელმწიფოსგან იქნება ამდენი მარკირება და მეორეს მხრივ SICPA-ს უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ინვესტიციები. მეორე მხრიდან არ არის შესრულებული ფინანსური პირობები. რა მხრივ არის კაბალური არ ვიცი, მე მგონი პირიქით გამოდის, უფრო ჩვენს მხრივ არის კაბალური’’-აცხადებს BM.GE-თან საქართველოში SICPA-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, გიორგი ჯიქია.
მეტი დეტალი მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე უცნობია. ცნობილია ის, რომ ხელშეკრულების მოქომედების ვადა 2020 წელს იწურება. გამოიყენებს თუ არა სიქპა შესაბამის სანქციებს, ჯერ უცნობია. კომპანია მილიარდზე მეტ მარკირებას 0.5 ევრო ცენტად ახორციელებს. სახელმწიფო ფარავს 6,000,000 ლარს 600 მილიონი ბოთლის მარკირებაში.