თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მიმართ იგივე შეზღუდვების დაწესება, რასაც საქართველო ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში გეგმავს, ამ სფეროში ტექნოლოგიური განვითარების შეჩერებას გამოიწევს და მილიონობით მწეველს შესაძლებლობას წაართმევს გადაერთოს ნაკლებრისკიანი პროდუქტების მოხმარებაზე. ICC Georgia სრულიად უჭერს მხარს საზოგადოებრივ ჯანდაცვას, როგორც ძირითად პრინციპს, - თემის დეტალებით გადაცემაში "ანალიტიკა" საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი ზურაბ კაჭკაჭიშვილი საუბრობს.
-ბატონო ზურაბ, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც 6 მოკლე და მკაფიო პუნქტია სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, გასაგებია, რომ მოსახლეობაშიც შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ აკრძალვებს ემხრობიან...
-მე მწეველი ვარ, თუმცა, თავს აქტიურ მებრძოლად ვთვლი თამბაქოს მოხმარების გაზრდის მიმართულებით. საკითხი ამაში კი არ არის, არამედ საკითხი ასე უნდა დაისვას - არის თუ არა ეს ზომები ნამდვილად მომტანი იმ შედეგებისა, რასაც კანონმდებელი გეგმავს, როდესაც ასეთ კანონს ღებულობს. საერთაშორისო გამოცდილება უკვე არა ერთი წელია გვიჩვენებს, რომ ფაქტიურად ნებისმიერი ზომა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კონტრ-პროდუქტი იყო. მაგალითად, საფრანგეთში სულ რამდენიმე თვის წინ შემოიღეს მსგავსი სტანდარტიზებული შეფუთვა, რა თქმა უნდა, ნაკლები შეზღუდვებით ვიდრე ჩვენთან, რადგან ჩვენ რომის პაპზე დიდი კათოლიკეები გვინდა, რომ ვიყოთ და ამ ზომის შემოღების შემდეგ, საფრანგეთში მოხმარებამ არა თუ მოიკლო, არამედ პირიქით სულ რამდენიმე თვეში დაახლოებით 1.5%-ით გაიზარდა. აღნიშნულის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოლოდინი არ გამართლდა. ჩენ უპირველესად, მოვითხოვთ იმას, რომ დასახული იყოს ის მიზნები, რის მიღწევასაც აპირებს, კარგად იყოს განსაზღვრული და რაც მთავარია, მეცნიერულ გამოკვლევებს და მონაცემებს ეყრდნობოდეს. იმისთვის, რომ მოქმედება გამიზნული და შედეგზე ორიენტირებული იყოს, ამისთვის ეს აუცილებელი იყო. ასევე იდენტიფიცირებული უნდა იყოს, თუ რა ზეგავლენას მოხდენს ის ბაზრის ყველა მონაწილეზე ინდუსტრიაზე და რა თქმა უნდა, მომხმარებელზეც. ჩვენი უპირველესი და ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობაა, მაგრამ იმისთვის, რომ ამას სწორად მოვემსახუროთ, ვფიქრობ, რომ აუცილებელია მეცნიერულად დამტკიცებული იყოს და შეძენილ გამოცდილებას დავეყრდნოთ, რომელიც მსოფლიოში საკმაოა.
-თქვენს რელიზში ვრცლად იყო მოცემული, რომ ხარისხის გარკვევა შეუძლებელი იქნება, რაც ასევე ჯანმრთელობისთვის პირიქით, ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, რას იტყვით აღნიშნულთან დაკავშირებით?
-საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენ სიგარეტის ალტერნატიული საშუალებები, როგორც წამალი ისე ჩავთვალეთ, თუმცა, დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ის გარკვეულწილად ნაკლებად მავნეა და ამიტომ კანონმდებლობაში გაიგივება ამ ორი კომპონენტის, აბსოლუტურად მიზანშეუწონლად და მიუღებლადაც კი მიგვაჩნია. ევროპაში ცალკე კანონმდებლობა არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებს და ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგულირების წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ ეს ლოგიკური და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. დღეს ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირ პირობებში ვაყენებთ თამბაქოს ნაწარმს და ალტერნატიულ საშუალებებს, რაც არამართებულად მიგვაჩნია. გარკვეულ სივრცეებში მოწევის აკრძალვას რაც შეეხება, ამის წინააღმდეგები არ ვართ და ჯანმრთელობა ყველაზე წინ დგას. სწორედ ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ბევრად უფრო ქმედითი შეიძლება იყოს, ვიდრე ასე კატეგორიულად აღებული რადიკალური ზომები, რომელმაც დღემდე დადებითი შედეგი არსად არ მოიტანა. ჩვენი წუხილი ასევე განპირობებულია იმით, რომ ეს სტანდარტიზებული შეფუთვა, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში ნეიტრალურ შეფუთვას ეძახიან, უპირველესად, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს არღვევს, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივი კანონმდებლობით არის აღიარებული. არის საქპატენტის დასკვნაც, რომელიც რატომღაც კანონის არც ერთ ვარიანტში არ აისახა.
-საფრანგეთის მაგალითი მოიყვანეთ, რატომ დაუშვეს აღნიშნული ევროპაში, იქ თუ იყო ამასთან დაკავშირებით დავა, რომ ეს ინტელექტუალური საკუთრების შეზღუდვა იყო?
-უპირველესად აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში და ევროპის უმეტეს ქვეყანაში ისეთი ზომებით არ არის მიღებული კანონით, როგორც ეს საქართველოში იგეგმება. იქ შემცირებულია ფართი შეფუთვისა, რომელიც ბრენდს ეკუთვნის, თუმცა, ბრენდის ძირითადი ელემენტები მაინც დარჩენილია. ჩვენს შემთხვევაში, როგორც აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული ფაქტიურად მხოლოდ ქართული წარწერა დარჩება, ისიც მინიმალური, რაც შემაშფოთებელია. ეს, რა თქმა უნდა, ასევე კონკურენციას შეუშლის ხელს. ჩვენი წუხილი კიდევ იმით არის გამოწვეული, რომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს კონტრაბანდულ გზებს და ასეთი პროდუქტების შემოტანის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად ჩვენს ბიუჯეტს ზიანს მიაყენებს, ოფიციალური ინდუსტრიიდან შემოსული გადასახადების დიდი ნაწილი კრიმინალურ წრეებში გადავა, რომლებიც ფრთებს გაშლიან.
-აღნიშნული საკითხი ინვესტორებისთვის და ზოგადად ბიზნესგარემოსთვის რა გზავნილი იქნება?
-გარანტირებულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ამან შესაძლოა ინვესტორებს თავიანთი პოზიცია გადაახდევინოს. ზოგიერთ შემთხვევაში ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ქართული ბაზარი საერთოდ დატოვონ. ჩვენი ბაზარი არ არის იმხელა, რომ ცალკეულ დათმობებზე წავიდნენ, რადგან დათმობაზე ისედაც უწევთ წასვლა, რაც არაერთხელ აღნიშნულა. ჩვენი ძირითადი საზრუნავი ის არის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის საუკეთესო პირობები იყოს, რა თქმა უნდა, არა ჯანმრთელობის ხარჯზე, თუმცა, ეს ჩვენ უარყოფით მუხტად მიგვაჩნია.
-რა ბედი ეწია იმ 12 ინვესტორს და მოახერხეთ თუ რა მათი კეთილგანწყობის შენარჩუნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ?
-ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რა გადაწყვეტილება მიიღებენ ისინი საბოლოო ჯამში, მაგრამ ერთ რამის თქმა შეგვიძლია, რომ ამ 12 ინვესტორიდან უკვე არაერთმა აღნიშნა, რომ მათ გაუჭირდებათ თავიანთ კოლეგებს რეკომენდაცია მისცენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბიზნესი შემოდინებას შეწყვეტს, მაგრამ ჩვენს ბიზნესკლიმატს ამ დაუფიქრებელი მოქმედებებით, საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიადგა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ გულდასაწყვეტია, რადგან საქართველოს პოტენციალი გააჩნია და ჩვენ იმაზე მეტსაც უნდა ვაკეთებდეთ, ვიდრე ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ და რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ.
-მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლის უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რა შიდა განწყობები არსებობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით?
-ჩვენი ბიზნესისთვის ეს კიდევ ერთი სამწუხარო მომენტია. იმ გამოხმაურებიდან, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მივიღეთ ბიზნესის მსხვილი მოთამაშეებისგან არის ის, რომ ზოგადად სასამართლო მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს სწორედ ბიზნესის კუთხით. განსაკუთრებით უცხოელი ბიზნესმენების მიმართ ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ ხოლმე.