Home
Category
TV Live Menu

სილამაზის ბიზნესი - "ნავნე" ფართოვდება

5a03facd3f637
სალომე მეცხვარიშვილი
09.11.17 11:34
1280
ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების, ასევე ტანსაცმლის ქსელის "ნავნეს" შექმნის ისტორია მაშინ იწყება, როდესაც მომხმარებელს ძალიან მაღალ და დაბალფასიან კოსმეტიკურ პროდუქციას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა საშუალო სეგმენტზე გათვლილი შედარებით ხარისხიანი პროდუქცია. "ნავნემაც" სწორედ ამ სეგმენტში გადაწყვიტა თავის დამკვიდრება. დღეს სავაჭრო ქსელი თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში 18 ფილიალითაა წარმოდგენილი. უფრო დეტალურად "ნავნეს" შექმნისა და მისი წარმატების ისტორიაზე საქმის კურსს "ნავნეს" მარკეტინგის მენეჯერი ანა ბედინაძე ესაუბრა:

- როგორია "ნავნეს" შექმნის ისტორია? როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა ეტაპები გაიარეთ ბიზნესის დაწყების პროცესში?

- კომპანიის ისტორია ოფიციალურად დაიწყო 2011 წელს, თუმცა მანამდე 4-5 წლით ადრე არსებობდა რამდენიმე მაღაზია, რომელიც იმ ეტაპზე იყო ოჯახური ბიზნესი და დამატებითი შემოსავლის წყარო. ამ პერიოდიდან იწყება "ნავნეს", როგორც ბრენდის, ჩამოყალიბება და დღემდე წარმატებით გრძელდება. განვითარების გზაზე კომპანიას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია, თუნდაც, კონკურენციის თვალსაზრისით, თუმცა, უცხოელ პარტნიორებთან ეტაპობრივად დამყარებულმა თანამშრომლობამ "ნავნეს" წარმატების შესაძლებლობა მისცა. 

- რამდენ ადამიანს ასაქმებდა კომპანია გზის გასაწყისში და რამდენს ასაქმებს ახლა? რამდენი ფილიალი ხართ წარმოდგენილი ამჟამად ბაზარზე?

- წლების წინ დაწყებული მცირემასშტაბიანი ოჯახური ბიზნესი დღეს უკვე 18 ფილიალს და 150 თანამშრომელს აერთიანებს. "ნავნეში" დღემდე მუშაობენ თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც დაარსების დღიდან ერთგულად ემსახურებიან კომპანიის ინტერესებს. "ნავნეს" დამფუძნებლებმა შექმნეს არა მარტო ბიზნესი, არამედ სამუშაო გუნდი და პოზიტიური განწყობა, რომელიც ნავნეს თანამშრომლებს გამორჩეულად აგრძნობინებს თავს. ვფიქრობ, სიყვარულია ნავნეს წარმატების ფორმულა. სლოგანიც ასე ჟღერს: "ჩვენთან იყიდება ბედნიერება". ეს ის განწყობაა, რომელიც ადამიანებს მათთვის სასურველ მდგომარეობასთან აახლოებს.

- რეგიონებში სად ხართ წარმოდგენილი? თუ აპირებთ გაფართოებას და რომელ ქალაქებში? 

- 2017 წლის ბოლომდე ნავნე 20 ფილიალით იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით გაფართოება არის პრიორიტეტი. ფილიალები გვაქვს ბათუმში, ქუთაისში, გორში, ახლახანს გაიხსნა ზესტსაფონში, იგეგმება ბათუმში მეორე ფილიალის გახსნა და ასევე მარნეულში. ვფიქრობთ, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მივცეთ მომხმარებლებს, ხელმისაწვდომ ფასად პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა.

- საიდან ხდება პროდუქციის იმპორტი და რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

- ჩვენს ქსელში ხარისხი ფასზე ყოველთვის მაღალია. ამის საშუალებას გვაძლევს წლების განმავლობაში უცხოელ პარტნიორებთან დამყარებული თანამშროლობა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების და კოსმეტიკის სხვადასხვა ხაზის პირდაპირი შემომტანები ვართ აშშ-იდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, დუბაიდან და ჩინეთიდან. "ნავნეს" ქსელში წარმოდგენილია პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ჰიგიენის, სუნამოს, აქსესუარების და ტანსაცმლის ფართო არჩევანი.

- "ნავნე" ძირითადად დაბალ და საშუალო სეგმენტზე მუშაობს და ბაზარზე მაღალფასიანი პროდუქციით არ არის წარმოდგენილი. ამ მიმართულებით თუ გყავთ კონკურენტი და ვინ?

- კონკრეტულ ბიზნესს ან ნებისმიერ ახალ წამოწყებას ჰყავს კონკურენტი, სწორედ ეს აძლერებს მას და აძლევს განვითარების მოტივაციას. არც „ნავნეს“ ქსელი არ არის გამონაკლისი. ჩვენ სწორად ვაფასებთ საკუთარ შესაძლებლობს, ვაკონტროლებთ ბაზრის სპეციფიკას და მოთხოვნებს. ვცდილობთ ყოველთვის მისაღები ფასი და მომსახურების მაღალი სტანდარტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ამიტომაც არის რომ „ნავნეს“ მიმართ საზოგადოებაში ლოიალურობა მატულობს და ქსელიც შესაბამისად ფართოვდება.

- რა იყო ყველაზე რთული ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესის კეთების პროცესში? ყველაზე რთულ პერიოდს თუ გამოყოფდით?

- ბიზნესის კეთების პროცესში ყოველთვის ყველაზე რთულია ბაზრის ეკონომიკური მდგომარეობა, არასტაბილური სავალუტო ფონი და კონკურენტები. როგორც უკვე ავღნიშნეთ, იმას, რომ „ნავნეს“ ქსელი დღეს ფართოვდება და მუდმივ სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს, დამსახურებაა უცხოელი პარტნიორების, ვისგანაც ვახორციელებთ იმპორტს და პროფესიონალთა გუნდის, რომელიც „ნავნეს“ განვითარებაზე ზრუნავს და მუშაობს. ჩვენ მუდმივად გვიდევს ხელი მომხმარებლების პულსზე და გადაწყვეტილებებს შესაბამისად ვიღებთ. ჩვენთვის მთავარია მომხმარებლის შენარჩუნება და განვითარება.

- თქვენ მონაწილეობა მიიღეთ "თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ორგანიზებით მიმდინარე "ბიზნესდაჯილდოებაში". სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერ მოახერხეთ, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რა მოგცათ დაჯილდოებაში მონაწილეობამ?

- "ბიზნესდაჯილდოება" "ნავნესთვის" იყო შანსი საზოგადოების იმ ნაწილისთვის მიეწოდებინა ჩვენ შესახებ ინფორმაცია, რომლისთვისაც აქამდე ცნობილი არ იყო. თავის მხრივ პროექტი არის პრესტიჟული და მასში მონაწილეობაც შესაბამისად კომპანიისთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ნომინაციაში, რომელშიც ვღებულობდით მონაწილეობას, ბევრ განსხვავებულ სტანდარტს და შესაძლებლობას მოითხოვდა, რაც ვფიქრობ, ჩვენთვის უფრო მომავლის პრიორიტეტია და რაზეც მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ. "ბიზნესდაჯილდოების" ფარგლებში კომპანიამ გადაგა პირველი ნაბიჯი მომავლისკენ, რომელიც მოგვცემს მოტივაციას მუდმივად ვიყოთ არა მარტო კომერციულად არამედ სოციალურად აქტიური კომპანია და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა.

- რა რჩევას მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს?

- როდესაც უკვე წარმატებული კომპანიის სათავეში ხარ, მარტივია რჩევის მიცემა სხვა ბიზნეს წარმომადგენლებისთვის ან დამწყები ბიზნესისთვის. მთავარი არის საქმე აკეთო ბაზრის რეალობიდან, მოთხოვნებიდან გამომდინარე. აკეთო საქმე სიყვარულით და შემოიკრიბო პროფესიონალებით შემდგარი გუნდი.



Subscribe to our news

Get the main news of the day