სლოვაკური Autokomodex Trnava, რომელსაც რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო მოედანი უნდა აეშენებინა, ავტოკომპანიაა. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, Autokomodex Trnava ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული და მისი ძირითადი საქმიანობა ამ მიმართულებით სერვისის მიწოდებაა. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ან ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ.
სპორტის სამინისტრომ სლოვაკურ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაწყვიტა. თუმცა, მიზეზი კომპანიის გამოუცდელობა არ ყოფილა. უწყებამ გასული წლის 16 სექტემბერს გაფორმებული დოკუმენტის შეჩერების 3 მიზეზი დაასახელა:
1- მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა სამივე ქალაქში 20 სტანდარული მოედნის საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო დადასტურებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამრთლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ;
2- მომწოდებელს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოედგინა საერთაშორისო ან საქართველოში მომუშავე ფინანსური/სადაზღვევო ორგანიზაციებისგან ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია;
3- კომპანიას საქართველოში უნდა გაეხსნა თავისი მუდმივი დაწესებულება. 20 დეკემბერს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას არ შეუსრულებია ზემოთ ხსენებული ვალდებულებები.
კომპანიას სტადიონების მშენებლობა მიმდინარე წლის მაისისთვის უნდა დაესრულებინა, რადგანაც ზაფხულში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უნდა უმასპინძლოს. სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაუქმება საქართველოში გასამართ საერთაშორისო ტურნირებს ხელს არ შეუშლის და ხელისუფლება ღონისძიებებისთვის სტადიონების არსებულ რესურსს გამოიყენებს.
რის საფუძველზე გაფორმდა თავის დროზე ხელშეკრულება ავტო კომპანიასთან უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე, უცნობია. ასევე უცნობი რჩება, რა კრიტერიუმით შეირჩა სლოვაკური Autokomodex Trnava.
შეგახსენებთ, რომ სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი პოლიტიკაში ავტობიზნესიდან გადავიდა და ის წილს "იბერია ბიზნეს ჯგუფში" ახლაც ფლობს, სწორედ ამიტომ მის კოლეგებს ავტოკომპნიასთან დადებული ეს ხელშეკრულება გარკვეულ ეჭვებს უჩენთ.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ თუ სლოვაკური კომპანია მართლაც მხოლოდ ავტომობილების მწარმოებელია, "ძალიან ცუდია', თუმცა, მას "ეს საკითხი შესწავლილი არ აქვს".
„თუ ეს მართლა ესეა, არ არის ეს კარგი. თუ ეს არის მხოლოდ ავტომობილების კომპანია, მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. თუმცა, ეს თემა სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს“,- აცხადებს შოთა ხაბარელი.
მთავრობამ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის უმსხვილესი პროექტი გასულ წელს დააანონსა. 28 ივლისს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ 152 მილიონის პროექტებს სლოვაკური და კანადური ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე 1000-მდე ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. თანხის გადახდა კი უნდა განხორციელებულიყო 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
"სტადიონები აუცილებლად შეემატება სპორტულ ინფრასტრუქტურას, უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ახალ პროექტს"