Home
Category
TV Live Menu

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე სეზონზე ციტრუსის სუბისიდირებას არ განახორციელებს

58382e1d4c051
დავით ჯალაღონია
25.11.16 16:24
975
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე სეზონზე ციტრუსის სუბისიდირებას არ განახორციელებს. როგორც "ბიზნესკონტრაქტის" კითხვის პასუხად სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავების პროცესში ჩართულ საწარმოებს თანადაფინანსების პროგრამით მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაეხმარება.

"აჭარის მთვრობას აქვს საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა იმისათვის, რომ რაც შეიძლება, მეტი მანდარინის კონცენტრატის წარმოება მოხდეს. ძირითადად, ქართული ციტრუსის კონცენტრატი იაპონიის ბაზარზე მიდის და ბაზრების შენარჩუნების მიზნით აჭარის მთავრობამ თანადაფინანსების პროგრამა მიიღო“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება და არა - ცენტრალურიდან.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე 5000 ტონაზე მეტი ციტრუსია ექსპორტირებული საქართველოდან.

"დაბინავების პრობლემა არც იყო და არ იქნება. სეზონი ძალიან ორგანიზებულად წავა. იცით, რომ წლიდან წლამდე ციტრუსის დაბინავებისა და შეფუთვის ინფრასტრუქტურა საქართველოში ვითარდება. ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები ზუსტად ამაზე იყო ორიენტირებული, რომ საქართველოში საწარმოო ინფრასტრუქტურა შექმნილიყო", - აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ციტრუსის წინა სეზონის მიწურულს, 2016 წლის იანვრის მონაცემებით, სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 894 325 ლარი იყო. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამის მიხედვით, კომპანიებმა, რომლებმაც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინი არანაკლებ 0.20 ლარად შეიძინეს, პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდია მიიღეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day