საქართველოში მადრიდიდან ორი დღით დაბრუნებული სოფო ფარჯიანმა დატვირთული დღეების მიუხედავად საქმიანი დილისთვის სპეციალურად გამოგვიყო დრო და საკუთარი შემოქმედება, მამის - ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების და მისი სახელობის ფონდის შესახებ გეგმები გაგვიზიარა. სოფო ფარჯიანის მიზანს მამის შემოქმედების ავთენტურობის დაცვა და მისი სახელის შენარჩუნება წარმოადგენს, ზუსტად ამიტომ, ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს კულტურის სამინისტრო ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიას ქმნის, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოსა და რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევა და შესაბამისი კვლევითი პროცესების ორგანიზება. მათ შორის, ავთენტურობის დადგენა. ამგვარი მომსახურება დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს, რაც ხელოვანთა უფლებებისა და ქართული კულტურის ნიმუშების დაცვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.