"სოკარ ჯორჯია გაზში" იმედოვნებენ, რომ სემეკი გაზის ახალ ტარიფში ლარის გაუფასურების ფაქტორს გაითვალისწინებს. ბუნებრივი გაზის ტარიფებთან დაკავშირებით სემეკში შეტანილ სატარიფო განაცხადზე განმარტებები „სოკარ ჯორჯია გაზის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მარი ნიქაბაძემ გააკეთა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ლარის გაუფასურება აისახა თუ არა კომპანიის შემოსავლებსა და ხარჯებზე.
"აღნიშნული ფაქტორი ტარიფის კომპონენტებს წარმოადგენს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გათვალისწინებული იქნება კომისიის გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მარი ნიქაბაძემ.
კომპანიის წარმომადგენელი ასევე იმედოვნებს, რომ სემეკი თავის გადაწყვეტილებაში "სოკარის" მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს გაითვალისწინებს.
"სოკარი“ საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს და ვიმედოვნებთ, რომ კომისია გადაწყვეტილების გამოტანისას ამას გაითვალისწინებს", - განაცხადა მარი ნიქაბაძემ.
სემეკის გადაწყვეტილებით, "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზის" ტარიფებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს კომისიაში მოსაზრებები მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ წარადგინონ. ახალი ტარიფების დადგენის საბოლოო ვადა კი 20 ივლისია. დღევანდელი მდგომარეობით, მარეგულირებელ კომისიას ამ ორი კომპანიის გარდა, სატარიფო განაცხადით "ყაზტრანსგაზ-თბილისმაც" მიმართა, თუმცა მისი განაცხადის განხილვის ვადებზე სემეკს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.