ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს. როგორც ელოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც იმპორტირებული ენერგიის, არც ლარის კურსის ცვალებადობის ფაქტორი, ან სხვა რაიმე წინაპირობა ტარიფების გაზრდისთვის არ ჩანს.
"აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივაა. ისინი შესაბამისი პროცედურების მიხედვით გადახედავენ და დაადგენენ ტარიფებს, მაგრამ ჩვენ როგორც სამინისტრო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტარიფების გაძვირების არანაირი წინაპირობა არ ჩანს", - განაცხადა ელოშვილმა.
ამავე საკითხზე მორიგი განმარტება დღეს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამაც გააკეთა.
"ეს ტარიფების გეგმიური გადახედვაა, რადგან ჩვენ ახალი მეთოდოლოგიით ტარიფებს ყოველწლიურად ვადგენთ. ამიტომ კომპანიებიც ვალდებულები არიან სატარიფო განაცხადი წარმოადგინონ. რაც შეეხება ცვლილების მოლოდინს, თუ საუბარია კურსზე, ეს არ არის ის ცვლილება, რომელმაც შეიძლება, ტარიფში არსებითი ცვლილება განაპირობოს", - განაცხადა ირინა მილორავამ.