"მას შემდეგ რაც ახალი აბრეშუმის გზის დერეფანი სრულყოფილ ფუნქციონირებას დაიწყებს, საქართველოს მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გაიზრდება", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს SSA Marine-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობ უოთერსმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ტვირთბრუნვის გაზრდის დიდი შესაძლებლობაა, რასაც ანაკლიის პორტის პროექტი აძლიერებს. ბობ უოთერსის განცხადებით, უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად ქვეყანამ სატრანსპორტო დერეფანი უნდა გააძლიეროს.
"როდესაც ეს დერეფანი რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას, თქვენ დაინახვთ ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოთი დაინტერესდება, არ ვგულისხმობ მხოლოდ ამერიკელ ინვესტორებს, არამედ ევროპელსა და ჩინელსაც.
როდესაც მულტინაციონალურ კომპანიას ინვესტიციის გაკეთება სურს, ამისთვის საჭიროა რომ ქვეყანაში გქონდეთ ძლიერი სატრანსპორტო დერეფანი. ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის ირგვლივ ინფრასრტუქტურის განვითარება, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო, მოხარული ვართ რომ საქართველო ამ კუთხით ნაბიჯებს დგამს.
როდესაც ამ პროექტების პრეზენტაცია საზღვარგარეთ მოხდება და მისი ცნობადობა გაიზრდება, ის ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს. ჩვენ მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის განმვითარების კუთხით დიდ მხარდაჭერას ვხედავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით პორტის ეფექტი საკმაოდ დიდი იქნება", - განაცხადა ბობ უოთერსმა.